აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, სავაჭრო პარტნიორების მიმართ აშშ-ი საპასუხო ტარიფებს აწესებს, რაც ძალაში 2 აპრილიდან შევა. ტრამპის განცხადებით, შესაძლოა, ტარიფების დაწესებას მცირე მღელვარების და ადაპტაციის პერიოდი მოჰყვეს, თუმცა ეს ნაბიჯი ქვეყანას კეთილდღეობას მოუტანს. ახალი ტარიფები კომპანიებს აიძულებს შეერთებულ შტატებში მეტი პროდუქტი აწარმოონ, რაც სამუშაო ადგილებს და შესაძლებლობებს შექმნის. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ფედერალური მუშაკები, რომლებიც მისი ადმინისტრაციის პოლიტიკას წინააღმდეგობას გაუწევენ, თანამდებობებიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდებიან. კონგრესში სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა, უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისგან წერილი მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკების მაგიდასთან რაც შეიძლება მალე მივიდეს, რათა მდგრად მშვიდობას დაუახლოვდეს. წერილში აღნიშნულია, რომ უკრაინა მადლობელია იმისათვის, რაც აშშ-მ უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის გააკეთა. რაც შეეხება წიაღისეულისა და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას, ქვეყანა მზადაა მას ხელი ნებისმიერ დროს მოაწეროს.