მედიის კანონის ბრიტანული მოდელი, ამერიკული "ფარას" ანალოგიური კანონპროექტი და „სამშობლოს ღალატის“ მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში - ეს იმ საკანონმდებლო ცვლილებათა ჩამონათვალია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო. ჩამოთვლილი საკანონმდებლო ცვლილებებიდან განსაკუთრებული კრიტიკის სამიზნე მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებია, რომლითაც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ტელევიზიებისა და რადიოების გაფრთხილება და დაჯარიმება იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ ისინი: ახალი ამბების გაშუქებისას სამართლიანობის, მიუკერძოებლობის და ბალანსის პრინციპებს არ დაიცავენ. „ქართული ოცნებისთვის“ უცხოური ორგანიზაციების მხრიდან მედიასაშუალებების დაფინანსებაც პრობლემას წარმოადგენს. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, სატელევიზიო და რადიო მედია ორგანიზაციებს ე.წ. „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღება ეკრძალებათ. საპარლამენტო უმრავლესობა სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის“ მუხლსაც აბრუნებს. სესიაზე პირველი მოსმენით მიიღეს ამერიკული „ფარას“ ანალოგიური კანონპროექტიც.