"იყიდეს სკოლა, გაყიდეს განათლება", სწორედ - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ბრიტანულ-ქართული აკადემიის კურსდამთავრებულებმა ინვესტორის მიერ სკოლის დამფუძნებლისა და პარტნიორის, ნათია ჯანაშიას დირექტორის თანამდებობიდან გადაყენება და მის ადგილზე გიორგი კეთილაძის დანიშვნა გააპროტესტეს. საპროტესტო აქცია დღეს დილის 8 საათზე დაიწყო და დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ნათია ჯანაშიას მენეჯმენტის ქვეშ აშენებულმა და განვითარებულმა სკოლამ მათ საუკეთესო განათლების მიღების შესაძლებლობა მისცა და არ სურთ, რომ მათ უმცროს თანასკოლელებს ეს პერსპექტივა წაართვან. სკოლის კურსდამთავრებულები ინვესტორ კომპანიას და მისი დირექტორის, ირაკლი გილაურს სკოლისადმი არასწორ მიდგომაში ადანაშაულებენ და მიაჩნიათ, რომ გილაური ბრიტანულ–ქართულ აკადემიას რიგით ბიზნესად აღიქვამს და არა სკოლად, სადაც მოსწავლეებმა განვითარებული სამყაროს სტანდარტების შესაბამისი განათლება უნდა მიიღონ.