ამერიკასა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი იწყება. დონალდ ტრამპა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინურ საქონელზე ტარიფის გაორმაგებას, ანუ 10%-დან 20%-მდე გაზრდას, ითვალისწინებს. ამერიკის პრეზიდენტმა ამის მიზეზად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან ის უმოქმედობა დაასახელა, რომელიც ჩინეთს გარკვეული ნაბიჯების სახით უკანონო ნარკო კრიზისის შესამსუბუქებლად უნდა გადაედგა. თავის მხრივ ჩინეთსაც საპასუხო რეაქცია ჰქონდა და გარკვეული სახის ამერიკულ საქონელზე საპასუხო ტარიფები გამოაცხადა. ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს სატარიფო კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 15%-იანი ტარიფი დაწესდება - ამერიკიდან შეტანილ ქათმის ხორცზე, ხორბალზე, სიმინდსა და ბამბაზე. 10%-იანი ტარიფი კი დაწესდება: სორგოზე, სოიოზე, ღორის, საქონლის ხორცზე, წყლის პროდუქტებზე, ხილზე, ბოსტნეულსა და რძის პროდუქტებზე. ამერიკაში ასევე ძალაში შედის მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე 25%-იანი ტარიფები. თავის მხრივ ე.წ. სარკისებრი გადასახადი დაუწესა ამერიკას კანადამ, 107 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე. რაც შეეხება უკრაინასთან ურთიერთობას, ბოლო ინფორმაციით ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმრების დაპაუზების თაობაზე ბრძანება გასცა. ინფორმაციას ამიშ შესახებ CNN ავრცელებს, წყარო თეთრი სახლიდან მედიას უყვება, რომ პაუზა გავრცელდება ყველა სამხედრო ტექნიკაზე, რომელიც ჯერ უკრაინაში არ არის. წყაროს მტკიცებით, სამხედრო დახმარების შეჩერება პირდაპირი პასუხია ზელენსკის ქცევაზე თეთრ სახლში. ოფიციალური პირების თქმით, სამხედრო დახმარების შეჩერება, შესაძლოა გადაიხედოს, თუ უკრაინის პრეზიდნეტი გამოთქვამს მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის უკრაინაში ომის დასასრულებლად.