გასულ წელს ცენტრალურმა ბანკებმა ოქროს რეზერვები 1 044 ტონით გაზარდეს. მსოფლიო ოქროს საბჭოს მონაცემები ოქროზე მზარდ მოთხოვნას აჩვენებს - ზედიზედ მესამე წელია ცენტრალური ბანკები წლიურად რეზერვებს ჯამში 1 000 ტონაზე მეტით ზრდიან. წლის განმავლობაში, ყველაზე მსხვილი შემსყიდველი პოლონეთის, თურქეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანისა და ჩინეთის ცენტრალური ბანკები იყვნენ. უფრო კონკრეტულად, წლის განმავლობაში, პოლონეთის ეროვნულმა ბანკმა ოქროს მარაგები 90 ტონით გაზარდა. ამჟამად მათი ოქროს მარაგი 448 ტონას შეადგენს, რაც მთლიანი რეზერვების 17%-ია. ცნობისთვის, წინა წლებში პოლონეთმა გააჟღერა მიზანი, რომ აპირებს ოქროს რეზერვების წილი მთლიან რეზერვებში 20%-მდე გაზარდოს. მეორე უმსხვილესი შემსყიდველი კვლავაც თურქეთის ცენტრალური ბანკია, რომელმაც ოქროს რეზერვები 75 ტონით გაზარდა. მას კი მოსდევს ინდოეთის ცენტრალური ბანკი, რომელმაც მარაგები 73 ტონა მონეტარული ოქროთი გაზარდა და გასული წლის ბოლოსთვის 876 ტონა ძვირფასი ლითონი დაარეზერვა, რაც მთლიანი მარაგების 11%-ია. უმსხვილესი შემსყიდველების ხუთეულში შედის აზერბაიჯანიც, რომლის ცენტრალურმა ბანკმაც გასულ წელს თითქმის 45 ტონა ოქრო იყიდა. მას კი ოქროს რეზერვების ზრდის მაჩვენებლით მოსდევს ჩინეთი, რომელმაც დამატებით კიდევ 44 ტონა ოქრო შეიძინა. რაც შეეხება საქართველოს, ეროვნული ბანკის საბჭომ 2024 წლის 1-ელ მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, დაახლოებით 332 მლნ დოლარის ღირებულების 7 ტონა, უმაღლესი სინჯის მონეტარული ოქრო იყიდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვებს ოქრო შემატა. 2025 წლის იანვრის მდგომარეობით, სარეზერვო ოქროს ღირებულება 639 მლნ დოლარს აჭარბებს. ამავე პერიოდისთვის, ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 4 მილიარდ 430 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთლიანი რეზერვების 14.4%-ი მონეტარულ ოქროს უჭირავს.