დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს - Palitra News

დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს

2025-03-04 13:46:25+04:00

დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაზიანებული სახურავების შეკეთება და მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება. ხოლო მოქალაქეებს, რომელთა სახლებიც შეკეთებას არ ექვემდებარება - ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფენ. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მასშტაბით გასული ორი კვირის განმავლობაში ინტენსიურად თოვდა. დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა დასავლეთ საქართველოში. შედეგად მოქალაქეთა ნაწილი გარესამყაროს იყო მოწყვეტილი. უამინდობის გამო დასავლეთ საქართველოს მასშტაბით დაზიანებულია სახლები და სახურავები. გასული დღეების განმავლობაში მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდებოდა გაზი, დენი და წყალი, არ ჰქონდათ წვდომა ასევე მედიკამენტებსა და საკვებზე. მოქალაქეებმა ადგილობრივების დასახმარებლად მოხალისეობრივი ჯგუფი შექმნეს. ამასთანავე, დასავლეთ საქართველოში მოქალაქეთა დახმარების პროცესში ჩართული იყო სამაშველო და თავდაცვის ძალებიც.