დღეს პარლამენტში, სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებით ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელებენ. "ქართული ოცნებისა" და "ხალხის ძალის" ერთობლივი ინიციატივით ცვლილებები "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შედის. ამ მიმართულებით პარლამენტში ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კანონპროექტია ინიცირებული. პირველი პროექტის გათვალისწინებით, სატელევიზიო და რადიო ორგანიზაციებს "უცხოური ძალისგან" დაფინანსების მიღება ეკრძალებათ. რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, მისი მიღების შედეგად, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ტელევიზიებისა და რადიოების გაფრთხილება და დაჯარიმება შეეძლება იმ შემთხვევაში, თუ ახალი ამბების გაშუქების დროს "სამართლიანობისა" და "მიუკერძოებლობის" პრინციპებს არ დაიცავენ, ასევე თუ ახალ ამბებში საკითხის გაშუქების დროს არ დაიცავენ ბალანსს და წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ეთერში გაშვების მიზნით ჩაწერენ ინტერვიუს ან სატელეფონო საუბარს. პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე უცხოური გავლენის გამჭირვალობის ახალი კანონის განხილვასაც გეგმავს.