თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის ჟურნალისტების წინაშე მომხდარი შელაპარაკება დღეს მსოფლიოში პოლიკურ განხილვათა მთავარი თემაა. ორი ლიდერის შეხვედრა თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში გაიმართა, რა დროსაც ისინი განიხილავდნენ შეთანხმებას, რომელიც აშშ-ს უკრაინის მინერალების რესურსებზე ანიჭებდა წვდომას, თუმცა ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინის მიმართ რბილი მიდგომების გამო ტრამპს ღიად უსაყვედურა. თავის მხრივ, ტრამპმა განუცხადა უკრაინის ლიდერს, რომ ის „მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება და აშშ-ის მიმართ მეტი მადლიერების გამოვლენისკენ მოუწოდა. ტრამპის განცხადებით, თუკი ზელენსკი სასარგებლო წიაღისეულთან დაკავშირებულ შეთანხმებას ან გააფორმებს, აშშ-ი ამ ვითარებიდან უბრალოდ გავა. მოგვიანებით ამ ამბავს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიოც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს დათანხმდეს. მალევე ამ თემას ევროპელი ლიდერები გამოეხმაურნენ და მათმა სრულმა უმრავლესობამ, მათ შორის ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს. აღნიშნული საკითხი უყურადღებოდ არც ოკუპანტ რუსეთს გამორჩა - საკუთარი შეფასება დმიტრი მედვედევმა და რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ დააფიქსირეს. ასევე განცხადებები გავრცელდა თბილისშიც - მომხდარს მამუკა მდინარაძე და ირაკლი კობახიძე გამოეხმაურნენ.