რუსეთი აფხაზეთის ანექსიას აგრძელებს. პუტინის რეჟიმი ოკუპირებულ რეგიონში უახლოეს თვეებში მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთების გადატანის გაზრდას გეგმავს. 27 თებერვალს ქალაქ სოჭიდან ოკუპირებულ სოხუმში უკვე ჩავიდა მატარებლის საცდელი რეისი, რომელიც 1 მაისიდან რეგულარული გახდება. მატარებელმა სახელწოდებით „მერცხალი“ 3 საათი იმგზავრა და სოხუმში რამდენიმე ასეული მგზავრი ჩაიყვანა. 1 მაისიდან საოკუპაციო რეჟიმი აფხაზეთში აეროპორტის ამოქმედებასაც გეგმავს. სეპარატისტული მთავრობა აფხაზურ საზოგადოებას რუსეთის ქალაქებში კომფორტულ და სწრაფ გადაადგილებას ჰპირდება. აეროპორტის გახსნაში აქტიურადაა ჩართული ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი, სერგეი კირიენკო. ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ვითარებას განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან თბილისში. სპეციალისტები ფიქრობენ რომ სახეზეა რუსული ანექსია, რაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, წინააღმდეგობის გაწევას საჭიროებს.