გაგრძელდება თუ არა სანქცირების პოლიტიკა და იქნება თუ არა, დიდი ბრიტანეთი მორიგი ქვეყანა, რომელიც შეზღუდვების მექანიზმს, ქართულ ოცნებაზე ზეწოლისთვის გამოიყენებს - ეს კითხვა რამდენიმე კვირაა აქტუალობას არ კარგავს. დიდი ბრიტანეთის ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ზღვისიქითა ტერიტორიების საკითხებში სახელმწიფო მინისტრ, სტივენ დოუთის განცხადებები საქართველოს ხელისუფლების ოპონენტებს აფიქრებინებთ, რომ სანქციები გარდაუვალია. ქართული ოპოზიციისთვის ბრიტანულ სანქციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მათი აზრით, ივანიშვილისთვის ფინანსური შეზღუდვების დაწესება, ბიძგს მისცემს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, პერსონალური სანქციების დაწესების ბერკეტი ინდივიდუალურ დონეზე გამოიყენონ და მეორე მხრივ, შეუქმნის არაერთ ფინანსურ პრობლემას, როგორც ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს, ისე მთლიანად სახელისუფლებო გუნდს. შანტაჟის უშედეგო მცდელობა და დიფ სთეითის ძლიერი გავლენების გამოხატულება - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია, დიდი ბრიტანეთის მხრიდან, სავარაუდო და პოტენციური პერსონალური სანქციების დაწესებაზე.