თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის ჟურნალისტების წინაშე შელაპარაკება მოხდა - ზელენსკი ტრამპს მოუწოდებდა რუსეთის მიმართ სიფრთხილე გამოეჩინა, ხოლო ტრამპი ზელენსკის უპატივცემლობაში სდებდა ბრალს. ორი ლიდერის შეხვედრა თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში გაიმართა, რა დროსაც ისინი განიხილავდნენ შეთანხმებას, რომლითაც აშშ-ს წვდომა მიენიჭებოდა უკრაინის მინერალების რესურსებზე. მაგრამ ზელენსკიმ ტრამპს ღიად უსაყვედურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ რბილი მიდგომების გამო. თავის მხრივ, ტრამპმა განუცხადა უკრაინის ლიდერს, რომ ის „მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება და მეტი მადლიერების გამოვლენისკენ მოუწოდა. საუბარში ჩაერთო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსიც, რომელმაც ზელენსკის უთხრა, რომ უპატივცემულობაა ოვალურ ოფისში საკუთარი პოზიციის გასატარებლად მოსვლა. ტრამპის თქმით, ზელენსკი მინერალებზე შეთანხმებას ან გააფორმებს, ან აშშ-ი ვითარებიდან გავა. მოგვიანებით ამ ამბავს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიოც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს დათანხმდეს. მალევე ამ თემას ევროპელი ლიდერები გამოეხმაურნენ და მათმა სრულმა უმრავლესობამ, მათ შორის ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს.