პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო გალუსტაშვილმა მიიღო. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. კერძოდ კი, სასამართლოში ჩვენება ორმა მოწმემ - ექიმმა და ექსპერტმა მისცეს. გადაისინჯა, დევიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩა. ბრალდების მხარე აპელირებდა, რომ გასათვალისწინებელი იყო მათე დევიძის ქმედების ხასიათი და მის მიმართ შეფარდებული ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში უნდა დარჩენილიყო. პროკურორ ანი ხუბეჯაშვილის თქმით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე კვლავ არსებობდა.დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატების თქმით, არც ერთი გარემოება, რაზეც ბრალდება აპელირებდა, გასათვალისწინებელი არ იყო და დევიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო უნდა გამოყენებულიყო.მათე დევიძე იმ 16 პირს შორის იყო, რომელიც სამართალდამცავებმა ნოემბერში, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს.