რუსეთის ფედერაცია აფხაზეთის ტერიტორიის ანექსირებას განაგრძობს. სოჭიდან სოხუმში პირველად ჩავიდა სამგზავრო მატარებელი, რომელიც აქამდე რეისებს მხოლოდ გაგრის მიმართულებით ასრულებდა. სოხუმში მატარებელს პროპაგანდისტულ მედიასთან ერთად ბადრა გუნბაც დახვდა, რომელიც არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კრემლის უალტერნატივო ფავორიტია. რკინიგზის გაფართოებასთან ერთად გეგმაშია სოხუმის აეროპორტის ამუშავებაც, რომელიც აფხაზეთს რუსეთის ფედერაციასთან უფრო მჭიდროდ დააკავშირებს. ანალიტიკოსები ფიქრობენ რომ ოკუპირებულ რეგიონში არსებული ვითარება ანექსიის პირდაპირი დასტურია. მათი განცხადებით აუცილებელია მიმდინარე პროცესებზე საქართველოს ხელისუფლებას მკაფიო და ცხადი შეფასება ჰქონდეს.