საცალო ვაჭრობის სექტორის თითქმის 75% ბაზრის ხუთ მოთამაშეზე მოდის, ყველაზე მაღალი წილი კი დეილი ჯგუფს უჭირავს - Palitra News

საცალო ვაჭრობის სექტორის თითქმის 75% ბაზრის ხუთ მოთამაშეზე მოდის, ყველაზე მაღალი წილი კი დეილი ჯგუფს უჭირავს

2025-02-27 13:42:00+04:00

საცალო ვაჭრობის სექტორის თითქმის 75% ბაზრის ხუთ მოთამაშეზე მოდის, ყველაზე მაღალი წილი კი დეილი ჯგუფს უჭირავს. კვლევას ამის შესახებ „გალთ&თაგარტი“ აქვეყნებს. უფრო კონკრეტულად კი, ტოპ-5 კომპანიის წილი ბრენდული ქსელების ბაზრის 74.8%-ს შეადგენს.

მონაცემების მიხედვით, ამ მხრივ ლიდერი „დეილი ჯგუფია“, რომლის ქოლგის ქვეშ, გასულ წელს ბაზრის ტოპ 20-ეულში შემავალი რამდენიმე კომპანია გაერთიანდა, მათ შორის „ფუდმარტი“, რომელიც თავის მხრივ ისეთ ბრენდებს აერთიანებს, როგორიცაა „სპარი“, „იოლი“ და „კალათა“, შპს „დეილი“, ასევ „გვირილა რითეილი“ და „მაგნიტი“. შესაბამისად, 2024 წლის მონაცემებით, დეილი ჯგუფს, რითეილ სექტორის 27.5% ეკავა, 2023-ში ეს მონაცემი 25% იყო, 2022 ში კი 24.4%. „დეილი ჯგუფის“ შემდეგ, რითელ სექტორში ყველაზე მაღალი საბაზრო წილი „ორ ნაბიჯს“ აქვს - 17%, შემდეგ მოდის „ნიკორას“ სუპერმარკეტების ქსელი 16,4%-ით, „კარფური“ და „აგროჰაბი“. ამასთან, „გალტ&თაგარტის“ მიხედვით, 2024 წელს სწრაფად გაყიდვადი საქონლის ბაზარი წლიურად 6.8%-ით გაიზარდა და 22.7 მლრდ ლარს მიაღწია. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ბრენდული ქსელები, სხვა ფორმატის სავაჭრო ობიექტებზე უფრო მაღალი ტემპით იზრდებოდნენ, და შედეგად მათი წილი 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, 37.6%-დან 40.4%-მდე გაიზარდა. როგორც კვლევაშია განმარტებული, ბრენდული ქსელების შემოსავლის ზრდა ძირითადად გეოგრაფიული ექსპანსიით იყო გამოწვეული. კერძოდ, 2024 წელს, ბრენდული მაღაზიების ქსელს 500-მდე ახალი მაღაზია დაემატა, აქედან დაახლოებით 350 რეგიონში, დანარჩენი თბილისში. ამის შედეგად კი მათი მაღაზიების რაოდენობა თბილისსა და რეგიონებში გათანაბრდა.