დასავლეთ საქართველო კვლავ სტიქიას ებრძვის . დიდთოვლობამ პრობლემა არაერთ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში შექმნა. არის ცნობები მსხვერპლის შესახებ, არაერთი სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, დანგრეული და დაზიანებულია შენობები, შეწყვეტილია ენერგომომარაგება. აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სწავლა ნაწილობრივ მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. განცხადებაში ნათქვამია, ამინდის გაუმჯობესებისა და გზების წმენდის პროცესის დასრულების შემდეგ რომ სამინისტრო სკოლების ინფრასტრუქტურული საჭიროებების შესწავლის მიზნით, შესაბამის მონიტორინგს განახორციელებს. უამინდობის და დიდთოვლობის გამო, დღეს მატარებლების რამდენიმე რეისი გაუქმდა. "საქართველოს რკინიგზის" ცნობით, უქმდება თბილისი-ბათუმი; თბილისი-ზუგდიდი; თბილისი-ფოთი; თბილისი-ბორჯომი; და თბილისი-ბორჯომის მიმართულების რეისები. კომპანიის ინფორმაციით მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ, ხოლო რეისები შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე აღდგება. სისტემური პრობლემა, რომლისთვისაც სახელმწიფო მზად არ აღმოჩნდა - ასე აფასებენ სტიქიის შედეგებს უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ექსპერტები. დარგის სპეციალუსტები იმ პრობლემებზეც საუბრობენ, რომელიც კრიზისების არაჯეროვნად მართვას და ტექნიკის თვალსაზრისით გამოკვეთილ საკითხებს უკავშირდება.