დასავლეთ საქართველოში სტიქიას ებრძვიან - დიდთოვლობის გამო განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა აჭარასა და გურიაში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში შუახნის მამაკაცი დაიღუპა. ის მეზობელს სახლის სახურავის თოვლისგან გაწმენდაში ეხმარებოდა, რა დროსაც მას ბეტონის ფილა დაეცა. ასევე ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში, 50 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. შუახნის მამაკაცი საკუთარი სახლის ეზოში, კართან მეზობელმა თოვლში გაყინული იპოვა. კიდევ ერთი მამაკაცი დაშავდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში და ის კლინიკაშია გადაყვანილი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ის კონტაქტურია და მას კვლევები უტარდება. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სოფელ შრომაში აღნიშნული ახალგაზრდის გადასარჩენად, მთელი ღამის განმავლობაში, მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობდა სოფელთან მისასვლელი გზის გაწმენდას. ლანჩხუთის მერის, ალექსანდრე სარიშვილის განცხადებით, ინტენსიური თოვის შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ტერიტორიიდან მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უკვე გამოიყვანეს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ჩამონგრეულია ორმოცამდე სახლი და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ცნობილი არაა. ძლიერი თოვაა აჭარაშიც - ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში 1 მეტრია. დიდთოვლობის ზონაში ყველა სახის სპეცტექნიკა მობილიზებულია და უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს ცენტრებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზების გაწმენდას.