მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 25%-ით შემცირდა, მთელი იმპორტის 75% კი ამერიკულ ავტომობილებზე მოდის. მიმდინარე წლის იანვარში ქვეყანაში იმპორტირებულია 8 880 ერთეული მსუბუქი ავტომობილი, რომლის ჯამური ღირებულებაც 151 მილიონ დოლარს აღწევს. წინა წელს იმავე თვეში კი 11 892 ავტომობილის იმპორტი 196 მილიონ დოლარად განხორციელდა. როგორც უკვე გითხარით, საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების 75% ამერიკიდან შემოვიდა. უფრო კონკრეტულად, 2025 წლის იანვარში ქვეყანამ ამერიკიდან 6675 მანქანა იყიდა, რომლის ჯამური ღირებულებაც 84 მილიონ დოლარს აჭარბებდა. მეორე ადგილზეა იაპონია, შემდეგ გერმანია, ჩინეთი და ჩეხეთი. აღსანიშნავია, რომ იმპორტის მოცულობისგან განსხვავებით, გაზრდილია საიმპორტო ფასი. ასე მაგალითად, 2024 წლის იანვარში 1 ავტომობილის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 16 514 დოლარს შეადგენდა, 2025 წლის პირველ თვეში კი ფასი 17 004 დოლარამდეა გაზრდილი, თუმცა, მარკისა და მოდელის გათვალისწინებით, ფასი შეიძლება მეტი, ან ნაკლებიც იყოს.