ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, საქართველოში პირველი ტექნოლოგიური ჰაბი 2025 წლის შემოდგომაზე გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსს“ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში მიაწოდეს. სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე ადგილზე გარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე დასრულებულია დასავლეთის შესასვლელის მხრიდან საავტომობილო გზის, სკვერის, მწვანე საფარის და გარე განათების მოწყობა. სააგენტოს ინფორმაციით, ხელოვნური ტბის ტერიტორიაზე დაწყებულია ჭაბურღილის ამოწმენდა, შემდგომ წყლის გეოლოგიური და ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაიწყება მისი ეტაპობრივი შევსება. უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს შენობის რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის ახალი სივრცეების დაგეგმვა და საინჟინრო კომუნიკაციების გადაწყობის პროექტის მომზადება. პროექტირება დასრულდება მიმდინარე წლის გაზაფხულზე, რასაც მოჰყვება სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.
დაგეგმილია საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი საკონფერენციო დარბაზის, სტარტაპებისთვის საერთო სამუშაო სივრცის, სატრენინგო და სამუშაო შეხვედრების ოთახების მოწყობა, ასევე ხაზგასასმელია ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის გახსნა, რომელიც პირველ ვიზიტორს მიმდინარე წლის შემოდგომაზე უმასპინძლებს. შემდგომ ეტაპზე დაგეგმილია გარე დეკორატიული აუზების, სახურავის და მინის გუმბათის რეაბილიტაცია და სახურავის მასშტაბური მედია განათება 3D პროექციის მეშვეობით.