საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ბიუჯეტის დაფინანსება თითქმის 11-ჯე შემცირდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, საქართველოს ბიუჯეტში შემოსავალმა გრანტების სახით დაახლოებით 6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 60 მილიონით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საერთაშორისო ორგანიზაციებმა ძირითადად მიმდინარე დანიშნულების გრანტების მოცულობა შეამცირეს, კაპიტალური დანიშნულების გრანტები კი, გაზარდეს. ასე მაგალითად, თუ გასული წლის იანვარში კაპიტალური დანიშნულების გრანტები 34 203 ლარს შეადგენდა, ამ წლის იანვარში 425 ათას ლარს გადააჭარბა. მიმდინარე დანიშნულების გრანტების მოცულობა კი 66 მლნ ლარიდან დაახლოებით 6 მლნ ლარამდე შემცირდა. ფინანსთა სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, 2025 წლის იანვარში, ხაზინას უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან გრანტები საერთოდ არ მიუღია, 2024 წლის იანვარში კი ეს მონაცემი 112 692 ათასი ლარი იყო. რაც შეეხება მთლიანად გრანტების მოცულობას, 2025 წლის იანვარში ბიუჯეტმა გრანტებიდან 71 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 119 814 მლნ ლარის. ხაზინის მონაცემების მიხედვით, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან შემცირებული გრანტების “შევსება“ სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებიდან მიღებული დაფინანსების ხარჯზე მოხდა. შარშან მაგალითად სხვა დონის სახელმწიფო გრანტებით ბიუჯეტში 53 მლნ ლარზე მეტი შევიდა, წელს იანვარში კი უკვე 65 მლნ ლარის მობილიზება გახდა საჭირო.