არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 7 წელი გავიდა - საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეს, არჩილ ტატუნაშვილს ცხინვალის ციხეში 100-ზე მეტი დაზიანება მიაყენეს და წამებით მოკლეს. მკვლელობისთვის მსჯავრდებულები ამ დრომდე დაუსჯელნი რჩებიან. დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წევრებმა. ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ ის მოკლეს. უმცროსი სერჟანტი საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.