საქართველოში 370 ათასამდე ადამიანი „შავ სიაშია“ და კრედიტს ვერ იხდის. როგორც აღმოჩნდა, საქართველოში იმ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 2 ათასზე მეტით გაიზარდა, ბოლო ერთ თვეში კი კიდევ ათასი ადამიანი გადავიდა ე.წ. შავ სიაში. „კრედიტინფოს“ 2025 წლის იანვრის სტატისტიკის მიხედვით, ფიზიკური პირები, რომლებსაც 30 დღეზე მეტია ვადაგადაცილება უფიქსირდებათ, 369 311-ს შეადგენს, გასული წლის დასაწყისში ე.წ. შავ სიაში 367 031 პირი იყო, 2024 წლის ბოლოს კი 368 310 ადამიანი. აღსანიშნავია, რომ 369 311 ფიზიკური პირიდან, რომლებიც სესხს ვერ იხდის, 96 301 კომერციული ბანკების კლიენტია, 299 659 - სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების კრედიტორი, 7 082-ს კი სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიის დავალიანება აქვს. რაც შეეხება თანხას, ფიზიკური პირების მიერ კომერციული ბანკების მიმართ დავალიანება ჯამში მილიარდ 164 მილიონ ლარს შეადგენს, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების ვალი დაახლოებით 1.5 მლრდ ლარია, სალიზინგოების კი დაახლოებით 29 მლნ ლარია. ჯამში კი, ე.წ. სავალო ორმოში მყოფი მსესხებლების დავალიანება 2 მილიარდ 700 მილიონ ლარს აჭარბებს, რაც საფინანსო სექტორის მიერ გაცემული მთლიანი სესხების 5.2%-ია. საერთო ჯამში, 2025 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 942 838 ადამიანს აქვს, ჯამში 51 მილიარდ 923 მილიონი ლარის მოცულობის. აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 81.6% საბანკო სექტორზე მოდის.