„ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ უკრაინას თავი კი არ უნდა დაეცვა, რუსეთისთვის კაპიტულაცია უნდა გამოეცხადებინა და უნდა მიეცა ყველაფერი, რასაც რუსეთი ითხოვდა. ეს მეტყველებს ჩვენი ხელისუფლების მენტალურ სიმახინჯეზე. ისინი შინაგანად მზად არიან, რუსეთთან კაპიტულაცია გამოაცხადონ. წარმოიდგინეთ, სახელმწიფო ღალატზე საუბრობენ ხშირად და ამავე დროს „ქართული ოცნება“ ოცნებობს, რომ ტრამპმა და პუტინმა რაღაცაზე მოილაპარაკონ რეალური პოლიტიკის ფარგლებში. რეალური პოლიტიკა ნიშნავს სამყაროს გავლენის სფეროებად გადანაწილებას. სამშობლოს ღალატია, როდესაც შენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებ. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს „ქართული ოცნება“ გულშემატკივრობს ტრამპის და პუტინის მოლაპარაკებებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ტრამპმა და პუტინმა სამყარო უნდა გაიყონ გავლენის სფეროებად. თქვენ როგორ ფიქრობთ, სად აღმოჩნდება საქართველო? საქართველო ბუნებრივად ინტეგრირდება რუსეთის იმპერიაში, რადგან საქართველო ხდება რუსეთის გავლენის სფერო. თუ ტრამპი ასეთ გარიგებაზე მიდის, საქართველო უკრაინასთან ერთად ხურდაში უნდა გაყვეს რუსეთის იმპერიას. ზუსტად ეს მიმაჩნია სამშობლოს ღალატად, როდესაც გულშემატკივრობ იმას, რომ ეს მოცემულობა შეიქმნას, ანუ, რეალური პოლიტიკის პრინციპებით წავიდეს ყველაფერი. უნდათ ამ მუხლის მიღება? კი ბატონო, მიიღონ, მაგრამ ვფიქრობ, თვითონ გასამართლდებიან“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
გარდა ამისა, „ქართულ ოცნებაზე“ საუბრისას ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ „ავტორიტარიზმს პოლიტიკური ბულემია ახასიათებს, ის ჭამს ყველაფერს და მისი ამოცანაა, მოახდინოს ძალაუფლების აბსოლუტიზაცია“.
„რაც შეეხება იმას, „ქართული ოცნება“ რაზეა წამსვლელი და რაზე - არა: სადამდეც საზოგადოება მიუშვებს, ბოლომდე ივლის. შემაკავებელი ფაქტორები იმისთვისაა საჭირო, რომ საბოლოოდ, ხელისუფლებას აღიარებინო, რომ პოლიტიკური ბულემია დაავადებაა, რასაც მკურნალობა სჭირდება და იძულებით უნდა უმკურნალო, თუ თვითონ არაა თანახმა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნების“ წარმომადგენლებს არ აქვს კომფორტი იმისა, რომ „ოდნავ მაინც ჰუმანურები იყვნენ და სისტემის თუნდაც ერთი ჭანჭიკი გასწირონ“.
„ძალის დემონსტრირება იმისთვის სჭირდებათ, რომ ჰგონიათ, სისუსტის გამოვლინება მათთვის მთავარი საფრთხეა. ამაღლობელს რატომ არ უშვებენ? - ამაღლობელის გამოშვება სისუსტის გამოვლინება იქნება და კონსტრუქცია, რასაც აშენებენ, თავზე ჩამოექცევათ. ეს ყველაფერი უძლეველობის მითოლოგიაზე დგას. შესაბამისად, არ აქვთ კომფორტი იმისა, რომ ოდნავ მაინც ჰუმანურები იყვნენ და სისტემის თუნდაც ერთი ჭანჭიკი გასწირონ. ერთი პოლიციელიც არ დაუჭერიათ მაშინ, როდესაც მათთვის პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. მათ აქვთ განცდა, რომ სისტემა ერთობლივ დანაშაულზე დგას. თავისიანის გაწირვით, ეშინიათ, ყველაფერი თავზე არ ჩამოეშალოთ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.