* ოსკარ უაილდი -
მართალია, დღეს ოსკარ უაილდის ნაწარმოებები ინგლისური ლიტერატურის კლასიკად ითვლება, მაგრამ მე-19 საუკუნეში თავად ავტორიც და მისი შემოქმედებაც მრავალგზის გახდა სკანდალის მიზეზი. მეტიც, უაილდის ერთადერთ რომანს "დორიან გრეის პორტრეტს" აკრძალვაც კი დაემუქრა, რადგან კონსერვატორი ბრიტანელების აზრით, სწორედ ამგვარი თხზულებები არღვევდნენ საზოგადოებრივი მორალის ნორმებს.
სკანდალური რეპუტაციის მიუხედავად, 2014 წელს "დორიან გრეის პორტრეტი" The Guardian-ის 100 საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანის ნუსხაში მოხვდა, უაილდის გონებამახვილური პიესები, მისი ციტატები და აფორიზმები კი, დღეს უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობენ, ვიდრე მწერლის ეპოქაში.
* * *
ოსკარ ფინგალ ო'ფლაერტი უილის უაილდი 1854 წლის 16 ოქტომბერს დაიბადა ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში, სერ უილიამისა და ჯეინ ფრანჩესკა უაილდის ოჯახში 2 წლით უფროსი ძმის - უილიამის შემდეგ.
ოსკარის მამა - უფროსი უილიამ უაილდი წამყვანი ოფთალმოლოგი და პატივცემული ჯენტლმენი იყო ირლანდიაში, რომელმაც 1864 წელს რაინდის წოდებაც მიიღო მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ირლანდიის მოსახლეობის საერთოეროვნული აღწერისას გაწეული სამსახურისთვის. პროფესიული საქმიანობის პარალელურად უფროსი უაილდი ინტენსიურად იკვლევდა და აქვეყნებდა სტატიებს ირლანდიურ არქეოლოგიასა და ფოლკლორზე, როგორც ქველმოქმედმა კი, კლინიკა გახსნა ნაკლებად შეძლებული დუბლინელებისთვის, რომელთაც უფასოდ უწევდა მომსახურებას.
უქმად არ კარგავდა დროს არც ოსკარის დედა - ჯეინ უაილდი, რომელიც თავგამოდებული ნაციონალისტი იყო და აქტიურად წერდა ლექსებს რევოლუციური მოძრაობისთვის "ახალგაზრდა ირლანდიელებისთვის" Speranza-ს (რაც იტალიურად "იმედს" ნიშნავს) ფსევდონიმით. პატარა ოსკარს და მის ძმას დედა ხშირად უკითხავდა ამავე მოძრაობის სხვა პოეტების შემოქმედებას, რათა შვილებში ადრეული ასაკიდანვე განევითარებინა პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული.
უაილდების სახლი Westland Row-ს ქუჩაზე, სადაც ხშირად ეწყობოდა პოეტური საღამოები და წვეულებები ევროპელი არისტოკრატებისთვის, უხვად იყო მორთული ძველბერძნული და რომაული ფერწერული ტილოებით და ბიუსტებით, რაც ნათლად მიუთითებდა ლედი უალდის ნეოკლასიციზმით გატაცებაზე.
1855 წელს უაილდების ოჯახმა მისამართი შეიცვალა და Merrion Square-ის ფეშენებელურ რაიონში, ბევრად დიდ სახლში გადავიდა, რომელიც ბრიტანული სამედიცინო და კულტურული ელიტის ერთგვარ ცენტრად იქცა. უაილდების სახლს ხშირად სტუმრობდნენ ცნობილი მწერლები, პოლიტიკოსები და მეცნიერები ჯოზეფ შერიდან ლე ფანიუს, აიზეკ ბატის, უილიამ როუზ ჰამილტონის და სემიუელ ფერგიუსონის ჩათვლით.
* * *
9 წლამდე უაილდი სახლში სწავლობდა გუვერნიორების მეურვეობით, რომელთაგან ჯერ ფრანგული, მერე გერმანული ენა ისწავლა, ზაფხულს კი, მეიოს საგრაფოში, მამის მამულში ატარებდა ძმასთან ერთად. ამბობენ, თითქოს გარეგნული მსგავსების გამო ოსკარს საშინლად არ უყვარდა უფროსი ძმა, რომელსაც უკვე ზრდასრულს წვერის მოშვებაც კი, აიძულა, თუმცა ძალიან უყვარდა უმცროსი და იზოლა, რომელიც 10 წლის ასაკში გარდაიცვალა მენინგიტით. სწორედ მას მიუძღვნა უაილდმა ლექსი Requiescat ("მშვიდობით განისვენე"), რომელიც 1881 წელს დაწერა.
1864 წელს უაილდი პორტორის სამეფო სკოლაში ჩაირიცხა, სადაც სწრაფად შეიძინა ვუნდერკინდის სახელი, რადგან არასდროს არაფერს სწავლობდა, თუმცა ნებისმიერ თემაზე შეეძლო საუბრის გაბმა, უზარმაზარ რომანებს ჰყვებოდა საკუთარი ვერსიით და ნახევარზე მეტს თვითონ იგონებდა, რაც ძალიან ახალისებდა პედაგოგებს.
ამასთანავე, უაილდი საოცრად ხალისიანი, კომუნიკაბელური მოზარდი იყო და ყოველთვის დახვეწილი იუმორით ასრულებდა თანაკლასელებისა და მასწავლებლების პაროდიებს.
სკოლის ოქროს მედლით დასრულების შემდეგ უაილდმა სტიპენდია მიიღო და დუბლინის Trinity College-ში ჩაირიცხა, სადაც ანტიკურ კულტურას, ისტორიას გაეცნო და პირველად მოისმინა ესთეტიკის ლექციების კურსი, ცნობილ მეცნიერთან, ელინისტ ჯონ პენტლანდ მაჰაფისთან ახლო ურთიერთობის წყალობით კი, ქცევის მანერა დახვეწა და ეტაპობრივად შექმნა საკუთარი იმიჯი, რომელმაც მსუბუქი თვითირონია და საზოგადოდ მიღებული მორალის ქილიკი, ელინისტური კულტურის, პრერაფაელიტების მიმართ ინტერესი გააერთიანა და მოგვიანებით მის სავიზიტო ბარათად იქცა.
"დენდის" სახელი დაიმკვიდრა უაილდმა ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლისას, რადგან ტვიდის პიჯაკების, ალისფერი, იისფერი პერანგებისა და ელეგანტური ქუდების მორგებით ყოველთვის ჩაცმის ორიგინალური სტილის შექმნას ცდილობდა, რომელიც ერთის მხრივ, ყურადღებას მიიქცევდა, მეორეს მხრივ, სხვა სტუდენტებისგან გამოარჩევდა. მეტიც, უაილდი ხშირად იმეორებდა, რომ "უკაცრიელ კუნძულზეც რომ ეცხოვრა, სადაც არავინ იყო, მაინც დღეში რამდენჯერმე გამოიცვლიდა სამოსს".
* * *
განსხვავებული გემოვნების, გამომწვევი სამოსისა და უცნაური მანერების გამო ბევრი უაილდს, რომელსაც არასდროს იტაცებდა სპორტის მამაკაცური სახეობები, ყოველთვის გრძელ თმას ატარებდა, ოთახს კი, ფერადი ბუმბულით, ცოცხალი ყვავილებით და ხელოვნების ნიმუშებით აფორმებდა, შეშლილად მიიჩნევდა. ამბობენ, თითქოს ერთ დღეს არაკეთილმოსურნეებმა ოსკარი ქუჩაში გამოიჭირეს და ჯერ შემაღლებულ გორაკზე აიყვანეს იძულებით, მერე კი, მიწაზე ათრიეს, თუმცა უაილდი არც ამ შემთხვევაში დაიბნა, სამოსი დაიბერტყა და სიტყვებით, "მადლობთ ამ მშვენიერ ადგილის მოყვანისთვის, რადგან აქედან მართლაც ბრწყინვალე ხედი იშლება", ისევ თვითონ დასცინა გაბოროტებულ მორალისტებს.
ერთი შეხედვით სუსტი აღნაგობის მიუხედავად, უაილდი ფიზიკურადაც და მორალურადაც საკმაოდ ძლიერი იყო. მეტიც, როცა რამდენიმე სტუდენტი ანგარიშსწორების მიზნით შეუვარდა ოთახში, მომავალმა მწერალმა მარტომ შეძლო მოგერიება და ყველასთვის საკადრისი პასუხის გაცემა.
* * *
1878 წელს უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ უაილდი ლონდონში დასახლდა და მისივე განცხადებით "ინგლისური საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი - მოდის რევოლუცია მოახდინა". ახალგაზრდა ესთეტმა არა უბრალოდ შეინარჩუნა ჩვეული სტილი, არამედ შეუხამებლის შეხამებით შესძინა მეტი ორიგინალობა, მიხაკი, ღიღილო და მზესუმზირის ყვავილი კი, საკუთარი გარდერობის მთავარ ატრიბუტად აქცია.
მართალია, გონებამახვილობისა და ენაწყლიანობის წყალობით უაილდმა სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი ლონდონის ელიტურ საზოგადოებაში, მაგრამ ამბიციური ახალგაზრდისთვის ამგვარი პოპულარობა საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ ესთეტიზმის ლექციების წაკითხვას დათანხმდა და ერთგვარი ტურნე მოაწყო ჯერ ბრიტანეთში, მერე ამერიკაში. ამბობენ, თითქოს შორეულ კონტინენტზე გამგზავრებისას, როცა უაილდს ბაგაჟის დეკლარირება მოსთხოვეს საზღვარზე, მან ამაყად განაცხადა, რომ "არაფერი ჰქონდა სადეკლარაციო საკუთარი გენიალურობის გარდა".
ამერიკული პუბლიკისგან განსხვავებით, რომელიც თბილად შეხვდა დამწყებ მწერალს, ბევრად მტრულად განეწყო მის მიმართ პრესა, რომელმაც ნიუ-იორკელები აიყოლია და ნამდვილი ნადირობა გამოაცხადა უაილდზე.
* * *
სამშობლოში დაბრუნებულმა ოსკარმა ცნობილი ირლანდიელი ადვოკატის ქალიშვილი კონსტანს ლოიდი გაიცნო, რომელსაც სულ რამდენიმე თვეში სთხოვა ცოლობა. საკუთარი გადაწყვეტილება უაილდმა საკმაოდ მარტივად ახსნა, "კონსტანსი ისე ცოტას ლაპარაკობდა, შეუძლებელი იყო არ შემყვარებოდა", - აღნიშნა ოსკარმა, რომელსაც მართალია, ორი შვილი შეეძინა, მაგრამ სწრაფად მოიძულა საბრალო კონსტანსი, რადგან მისივე განცხადებით ორსულობის დროს მისმა მეუღლემ ახალგაზრდული მომხიბვლელობა დაკარგა და მოხუც ქალს დაემსგავსა.
სხვათა შორის, სწორედ შვილების წყალობით მოსინჯა უაილდმა შესაძლებლობები ჯერ ზღაპრებისა და საბავშვო მოთხრობების ჟანრში, მერე ჟურნალში "ქალთა სამყაროში", რომლისთვისაც აქტიურად ამზადებდა სტატიებს ბავშვების აღზრდაზე, კულტურასა და პოლიტიკაზე.
* * *
1890 წელს უაილდმა ერთადერთი რომანი "დორიან გრეის პორტრეტი" შექმნა. მართალია, ნაწარმოებმა აღიარება მოუტანა, მაგრამ მკაცრად გაკიცხულს თავის მართლებაც მოუწია, რადგან უზნეობასა და ამორალურობაში დასდეს ბრალი. მწერალმა უამრავი წერილი მისწერა ბრიტანული ჟურნალებისა და გაზეთების რედაქციებს, რათა აეხსნა, რომ ნამდვილი ხელოვნებისთვის უცხოა ყველანაირი მორალი. ერთი წლის შემდეგ რომანი თავიდან გამოიცა მრავალრიცხოვანი დამატებებითა და ავტორის განმარტებითი შესავლით.
განსაკუთრებით წარმატებული უაილდისთვის 1891-1895 წლები აღმოჩნდა, როცა პიესები "სალომეა", "მარაო ლედი უინდერმირისთვის", "იდეალური ქმარი" და "როგორი მნიშვნელოვანია ვიყოთ სერიოზული" გამოსცა და პრაქტიკულად ყველაზე პოპულარული ადამიანი გახდა ლონდონში. გაზეთები ერთმანეთის მიყოლებით ადიდებდნენ ოდესღაც გაკიცხულ მწერალს, აღნიშნავდნენ მის სრულყოფილ სტილს და საუკეთესო თანამედროვე დრამატურგად მოიხსენიებდნენ.
* * *
1891 წელს უაილდმა მიმზიდველი ახალგაზრდა, ლორდი ალფრედ დუგლასი გაიცნო, თუმცა ნაცნობობა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა და ნამდვილ ტრაგედიად იქცა, რადგან მათი ურთიერთობის შესახებ ჯერ ახალგაზრდა დუგლასის მამამ, მერე მთელმა ლონდონმა შეიტყო, რასაც მწერლის უხამს, საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელ ქცევაში დადანაშაულება და დაპატიმრება მოჰყვა.
2-წლიანი სასჯელი უაილდმა ჯერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულთა ციხეში, მერე რედინგის ცნობილ საპატიმროში მოიხადა. მძიმე პირობებმა, კატორღულმა სამუშაომ, მუდმივმა შიმშილმა და უძილობამ მწერალი საბოლოოდ გატეხა, მით უფრო, დუგლასის მსგავსად მეგობრებმაც ზურგი შეაქციეს და უარი თქვეს მასთან ნაცნობობაზე. ერთადერთი, ვინც პატიმარი უაილდი არ მიატოვა, კონსტანსი აღმოჩნდა, რომელმაც რამდენჯერმე მოინახულა მეუღლე ციხეში.
1897 წელს პატიმრობიდან გათავისუფლებული უაილდი საფრანგეთში გადაბარგდა, სადაც მართალია, სებასტიან მელმოტის სახელით გამოსცა ცნობილი პოემა "რედინგის ციხის ბალადა", მაგრამ ჰონორარი მინიმალური აღმოჩნდა. მწერალს სიღატაკეში მოუწია ცხოვრება, რადგან მხოლოდ მეუღლის იმედზე აღმოჩნდა რომელმაც უარი თქვა მასთან ურთიერთობაზე, თუმცა სისტემატურად უგზავნიდა საარსებო თანხას.
ოსკარ უაილდი 1900 წლის 30 ნოემბერს გარდაიცვალა მენინგიტით. მწერალი პარიზში, პერ-ლაშეზის სასაფლაოზე დაიკრძალა, რომელიც დღეს ერთგვარ ღირსშესანიშნაობადაა ქცეული, მით უფრო, რომ არსებობს ლეგენდა, თითქოს ვინც ფრთოსან სფინქსს ეამბორება მის საფლავზე, სამუდამო სიყვარულს მოიპოვებს და აღარასდროს დაკარგავს.