ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ბრაზილიის გენერალურმა პროკურორმა, პაულუ გონეტმა განაცხადა, რომ ბოლსონარუ ყველაფერზე ინფორმირებული იყო. გამოძიების ინფორმაციით, ბრაზილიაში სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში, სულ მცირე, 33 პირი მონაწილეობდა. გამომძიებლების თქმით, მათი მთავარი მიზანი იყო ლუის ინასიუ ლულა და სილვას მოწამვლა, რომელმაც ბოლსონარუ 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა. ბრაზილიელი პროკურორების გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ფედერალური პოლიციის 800-გვერდიანი ანგარიში, რომელიც ორწლიანი გამოძიების შემდეგ გამოქვეყნდა. ყოფილი პრეზიდენტისთვის წაყენებულ ბრალდებებზე ახლა ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს. თავად ბოლსონარუმ ოპონენტის მკვლელობის მცდელობის ორგანიზებაში მონაწილეობის შესახებ ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა. ბოლსონარუ ბრაზილიის პრეზიდენტის პოსტს ერთი ვადით, 2019-დან 2023 წლამდე იკავებდა. ის ცნობილია, როგორც მემარჯვენე პოპულისტი. COVID-19-ის პანდემიის დროს ბოლსონარუ უარყოფდა პრობლემის სერიოზულობას და ქვეყანაში კარანტინის შემოღების საჭიროებას. ასევე, მას ამაზონის ტყეების განადგურების შესაჩერებლად საჭირო ზომების შემოღებაზე უარის თქმის გამოც აკრიტიკებდნენ.