მედიის თავისუფლებაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და დაასრულონ მათივე სიტყვებით, „მედიის უპრეცედენტო“ დევნა. განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ინფორმაციას ეყრდნობიან და აღნიშნავენ, რომ მზია ამაღლობელის მიერ ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნა სიმწვავის ზღვარს ვერ აღწევს სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებული ბრალდებებისთვის. ორგანიზაციები გამოქვეყნებულ განცხადებაში გებუაძის მხრიდან ბათუმელების მთავარი რედაქტორის ეთერ თურაძის მისამართით ვერბალური თავდასხმის ფაქტსაც ახსენებენ.