უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ხვალ, 18 თებერვალს, საუდის არაბეთში გაიმართება. კრემლი ადასტურებს, რომ მოლაპარაკებებში რუსული მხრიდან მონაწილეობას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პუტინის თანაშემწე სერგეი უშაკოვი და საგარეო დაზვერვის შეფი სერგეი ნარიშკინი მიიღებენ. სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინისთვის ტერიტორიული დათმობების შესახებ საუბარი გამორიცხულია. მანვე, მოლაპარაკებების პროცესში აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების მონაწილეობის შესახებაც ისაუბრა. პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრაში, უკრაინა მონაწილეობას არ მიიღებს. მისი განმარტებით, შეხვედრის შესახებ ქვეყანა ინფორმირებული არ იყო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ რეალური მოლაპარაკებები როდესაც დაიწყება, უკრაინა და ევროპა ამ პროცესში უნდა ჩაერთონ. მისივე თქმით, სამშვიდობო პროცესი არ არის ერთჯერადი შეხვედრა, რადგან ამ კონფლიქტის დასრულება მარტივი არ იქნება და პრობლემა ერთი შეხვედრით არ გადაწყდება. ამერიკის დელეგაციის შემადგენლობაში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ტრამპის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ ვიტკოფი, და მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი არიან.