Axios-ის ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ შეთანხმების განსახილველად ამერიკელ და რუს მაღალჩინოსნებს შორის შეხვედრა საუდის არაბეთში სამშაბათს გაიმართება. გამოცემის ცნობით, აშშ-ის დელეგაციაში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი შევლენ. ამ დროისთვის უცნობია, ვინ იქნება წარმოდგენილი რუსეთის დელეგაციაში. ერთ-ერთმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ შეხვედრას, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი დაესწრება. როგორც მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, ფიქრობს, რომ უკრაინაში ომის დასრულების განსახილველად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას ძალიან მალე შეძლებს. ტრამპის თქმით, მშვიდობის მისაღწევად ბევრს მუშაობს და სჯერა, რომ როგორც პუტინს, ასევე ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძოლის შეწყვეტა სურთ.