აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდის გეგმები, რომ რუს მაღალჩინოსნებს საუდის არაბეთში უახლოეს დღეებში შეხვდნენ, პირველი ნაბიჯია დადგინდეს, არის თუ არა რუსეთი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ სერიოზულად განწყობილი. მისივე თქმით, დონალდ ტრამპის ბოლო ზარს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოქმედება უნდა მოჰყვეს. სახელმწიფო მდივანმა, სერგეი ლავროვთან გუშინდელ საუბართან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზარი მიზნად კომუნიკაციის ღია არხის შექმნას ისახავდა. სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით აქტიურად საუბრობენ ევროპელი ლიდერებიც. გერმანიის კანცლერი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ აშშ-რუსეთის ცალმხრივი შეთანხმებების შესაძლებლობას გამორიცხავს. მისი თქმით, ევროპა ასეთ სცენარს არ დაუშვებს, რადგან კონტინენტის უსაფრთხოების საკითხზე ხმის უფლება აქვს და უსაფრთხოების გარანტიების არსებობა ევროპელების გარეშე ან უკრაინელების აცილებით არ შეიძლება. ამასთან, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, მზადაა უკრაინაში, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების აღსასრულებლად, ბრიტანული ჯარები განათავსოს. ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულება პუტინის ხელახალ თავდასხმამდე დროებითი პაუზა არ უნდა გახდეს.