აფხაზეთში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, დღეს ე.წ.-ი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ხუთ კანდიდატს შორის არიან ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა და ე.წ ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბა. გამარჯვებულ კანდიდატად ჩაითვლება ის, ვინ ამომრჩეველთა ხმების 50%-ს პლუს ერთ ხმას მოაგროვებს. ე.წ-ი "საარჩევნო უბნები" ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე გაიხსნა. კენჭისყრა საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება. აფხაზეთის მიღმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ორ ქალაქში, მოსკოვსა და ჩერკესკში ჩატარდება. ე.წ-ი "საარჩევნო სიის" თანახმად, ე.წ.-ლ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 135 ათასამდე ამომრჩეველი. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ.-მა პარლამენტმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 2024 წლის 19 ნოემბერს, სოხუმში მრავალდღიანი საპროტესტო აქციების გამო თანამდებობა დატოვა 2020 წელს არჩეულმა ასლან ბჟანიამ.