ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, ალიანსმა უკრაინის ნატოში გაწევრიანების ვალდებულება აიღო, თუმცა ამას რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებასთან კავშირი არ აქვს. რუტეს თქმით, ნატო-ს მოკავშირეებს ერთიანი მიდგომა აქვთ, რომ როდესაც სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყება, უკრაინა საუკეთესო პოზიციაში იყოს წარმოდგენილი. ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, აღნიშნულ მოლაპარაკებებს როგორი შედეგიც არ უნდა ჰქონდეს, ალიანსმა უნდა უზრუნველყოს, რომ აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტი აღარასდროს შეეცდება უკრაინაზე თავდასხმას და ომში მყოფი დაზარალებული ქვეყანა ყველანაირ მხარდაჭერას მიიღებს, რაც მას რეალურად სჭირდება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერი რუსეთის პრეზიდენტს ძლიერ მომლაპარაკებლად, თუმცა არაპროგნოზირებად პიროვნებად ახასიათებს.