ჩერნობილის ბირთვულ ელექტროსადგურზე უპილოტო აპარატით თავდასხმა მოხდა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადების თანახმად, უპილოტო აპარატი რეაქტორ 4-ის ნარჩნების დამცავ გუმბათს შეეჯახა და ხანძარი გააჩინა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩერნობილის სადგურზე თავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებს. ზელენსკის განცხადებით, რუსული თავდასხმის დრონმა, ძლიერი ფეთქებადი ქობინით, დაარტყა საფარს, რომელიც მსოფლიოს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის განადგურებული მე-4 ენერგობლოკის რადიაციისგან იცავს. ზელენსკის განცხადებითვე, ამ დროისთვის, თავდასხმის შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც მან აღნიშნა, ჩერნობილის ატომური სადგურის საფარი უკრაინამ ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან, მათ შორის ამერიკასთან ერთად ააშენა.