საპროტესტო მოძრაობა 15 თებერვლის აქციისთვის ემზადება - სამოქალაქო სექტორი მოქალაქეებთან ერთად შაბათს ევროპის მოედანზე მასშტაბურ შეკრებას აანონსებს, რის შემდეგაც მარში თავისუფლების მოედნის მიმართულებით გაემართება. შაბათის აქციამდე საპროტესტო მოძრაობის მთავარი მოთხოვნები მოქალაქეებმა პარლამენტის წინ გუშინ კიდევ ერთხელ გაახმოვანეს. აქციას შეურთდნენ პროტესტის დროს დაკავებული აქტივისტების ოჯახის წევრებიც. მათი განცხადებით, მიზნების მისაღწევად ქუჩაში გამოსული მოქალაქეების რაოდენობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. უკვე ორ თვეზე მეტია აქციის მონაწილეები ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.