დღეს მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია იწყება, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე ლიდერი და ასობით წარმომადგენელი დაესწრება. კონფერენციას გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გახსნის. სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად გამოწვევებზე მაღალი დონის დებატები გაიმართება. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 14 თებერვალს აშშ-ისა და რუსეთის ოფიციალური პირები მიუნხენში შეხვდებიან. უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას უკრაინაც იღებს. ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლის, დიმიტრი ლიტვინის განცხადებით, უკრაინის დელეგაცია მიუნხენში რუსებთან შეხვედრის გამართვას არ გეგმავს. დღეს კონფერენციის მთავარი პროგრამა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის გლობალურ მმართველობაზე, დემოკრატიულ მდგრადობასა და კლიმატის უსაფრთხოებაზე ფოკუსირებით დაიწყება. შაბათს დებატები საერთაშორისო წესრიგის მდგომარეობაზე, რეგიონულ კონფლიქტებსა და კრიზისებზე გაიმართება. ყურადღება ასევე ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მომავალზე გამახვილდება. კვირას კი კონფერენცია მსოფლიოში ევროპის როლზე დისკუსიებით დასრულდება.