გასულ წელს ქვეყანაში შემოსული საწვავიდან 54% რუსული იყო. როგორც აღმოჩნდა, წლის განმავლობაში 47-მა იმპორტიორმა ქვეყანაში დაახლოებით 2 მილიარდ 781 მილიონი ლარის ღირებულების ბენზინი და დიზელი შემოიტანა, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 8.2%-ით აღემატება. ამის შესახებ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ანგარიშში ვკითხულობთ. სააგენტოს მონაცემებით, 2024 წელს, საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან - 54%, რომელსაც მოჰყვება ბულგარეთი - 16.7%-ით და რუმინეთი - 14.7%-ით. ამასთან, კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო განმარტავს, რომ 2023 წელთან შედარებით, შემცირებულია საწვავის იმპორტი რუსეთიდან და გაზრდილია ევროპული საწვავის წილი. ანგარიშში ძალიან საინტერესოა სტატისტიკა, რომელიც საცალო ბაზარს ასახავს. როგორც აღმოჩნდა, ქვეყნის მასშტაბით 1238 ავტოგასამართი სადგურია, რომელსაც ოპერირებას 383 კომპანია უწევს, რაც სააგენტოს შეფასებით დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. 5 მსხვილი კომპანიის წილად 500 ავტოგასამართი სადგური მოდის, რაც ბაზრის 67.1%-ია.