საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანმა ნატოს შტაბბინაში გამართულ „რამშტაინის ჯგუფის ფორმატის“ რიგით 26-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ. მათ შორის იყვნენ გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენლები. კონფერენციის მონაწილეებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება განიხილეს და უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის საჭიროებებზე იმსჯელეს. „რამშტაინის ჯგუფის ფორმატის შეხვედრები“ ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა.