* ენდრიუ კარნეგი -
მართალია, ამერიკელმა მულტიმილიონერმა, ფოლადის მწარმოებელმა და ფილანთროპმა ენდრიუ კარნეგიმ პირველ რიგში ნიუ-იორკის ცნობილი საკონცერტო დარბაზის "კარნეგი-ჰოლისა" და ბიბლიოთეკების წყალობით გაითქვა სახელი, რომელთა სტუმრობა მსოფლიოს თითქმის ყველა მსხვილ ქალაქში შეიძლება, მაგრამ ისტორიაში არა იმდენად სოლიდური კაპიტალისა და ქველმოქმედების, რამდენადაც ბიზნესის წარმოების საკუთარი მეთოდის წყალობით შევიდა, მით უფრო, რომ სწორედ მას ეკუთვნის გამონათქვამი " სიმდიდრე არა მატერიალური სიკეთე და ფუფუნება, არამედ უამრავი ვალდებულება და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა".
* * *
ენდრიუ კარნეგი 1835 წლის 25 ნოემბერს დაიბადა შოტლანდიის ქალაქ დანფერმლინში. მართალია, მისი ოჯახი არასდროს მიეკუთვნებოდა შეძლებულ ელიტას, მაგრამ მაინც პატივისცემით სარგებლობდა. ენდრიუს მამა - უილიამ კარნეგი ცნობილი ფეიქარი და იმ ჩარტისტული მოძრაობის აქტივისტი იყო, რომელმაც პროფესიული კავშირების შექმნას დაუდო საფუძველი. თავგამოდებით იცავდა მშრომელთა უფლებებს მისი მეუღლე მარგარეტიც, რომელიც არც შვილებს - ენდრიუსა და მის უმცროს ძმას აძლევდა განებივრების და უსაქმურობის უფლებას, მით უფრო, რომ სწორედ მარგარეტი უძღვებოდა საშინაო მეურნეობას.
სწორედ მისის კარნეგიმ დაიჟინა ამერიკაში ემიგრირება, როცა დანფერმლინში საფეიქრო ფაბრიკის გახსნის შემდეგ, სხვა დამოუკიდებელი ფეიქრების მსგავსად მისი მეუღლეც სამუშაოს გარეშე დარჩა. მარგარეტი დარწმუნებული იყო, რომ აუცილებლად გაუმართლებდა შორეულ კონტინენტზე, რადგან მისმა ემიგრანტმა ნათესავებმა სწორედ ამერიკაში შეძლეს ცხოვრების გაუმჯობესება.
* * *
1848 წელს კრნეგები მართლაც გაემგზავრნენ ამერიკაში. პენსილვანიის შტატის პატარა ქალაქ ალეგეინიში დაფუძნებულმა უილიამმა ადგილობრივ მანუფაქტურაში დაიწყო მუშაობა, სადაც მოგვიანებით ენდრიუც დაასაქმა, როცა ბიჭუნას 12 წელი შეუსრულდა.
მართალია, ოჯახმა მეტ-ნაკლებად შეძლო მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, მაგრამ მარგარეტი მაინც უკმაყოფილო იყო, რადგან ძალიან არ უნდოდა, რომ უფროს შვილს მამის გზა გაეგრძელებინა. სწორედ დედის მოთხოვნით ჩააბარა მცირეწლოვანმა ენდრიუმ საღამოს სკოლაში, ორწლიანი სწავლის შემდეგ კი, ისევ დედის დამსახურებით დაიწყო უმსხვილეს სარკინიგზო კომპანიაში Pennsylvania Railroad Company-ში ტელეგრაფისტად მუშაობა.
მონდომებულმა ენდრიუმ სრულად გაამართლა დედის იმედი, რადგან გამოცდილი ტელეგრაფისტებისგან განსხვავებით მხოლოდ სმენით შიფრავდა მორზეს ანბანს, რისი წყალობით სწრაფად შეიძინა ვუნდერკინდის სახელი. ამბობენ, თითქოს მოზარდი კარნეგის ნიჭმა ისე აღაფრთოვანა სარკინიგზო კომპანიის მმართველი ტომას სკოტი, რომ დაუფიქრებლად შესთავაზა ენდრიუს დაწინაურება. 1853 წელს 18 წლის კარნეგი არა მხოლოდ კომპანიის, არამედ შტატის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჩინოვნიკის პირადი თანაშემწე გახდა.
* * *
რა თქმა უნდა, სკოტისთვის ენდრიუ არა მხოლოდ საუკეთესო თანაშემწედ, არამედ მემკვიდრედაც იქცა. არსებობს ლეგენდა, თითქოს, კარნეგის ერთ-ერთ ცვლაში, როცა რკინიგზაზე მომხდარი ავარიის შემდეგ მატარებელი რელსებიდან გადავიდა, ბოსის არყოფნაში კი, კომპანიის არცერთმა თანამშრომელმა არ მოისურვა თავის შეწუხება, სწორედ კარნეგიმ გამოიჩინა ინიციატივა, რამდენიმე წერილი გაუგზავნა სადგურს, სადაც ავარია მოხდა და დეტალურად აუხსნა როგორ შეიძლებოდა დაზიანებული რელსების და სარკინიგზო მოძრაობის აღდგენა.
პრობლემა სწრაფად მოგვარდა, რისი წყალობით კომპანიამ უზარმაზარ ხარჯს დააღწია თავი, სკოტი კი, არა თუ განაწყენდა, რომ თანაშემწემ მის ნაცვლად მოაწერა ხელი წერილებს, პირიქით, უფრო აქტიურად ჩააბა ახალგაზრდა კარნეგი კომპანიის საქმეებში. ენდრიუმ, რომელიც გულდასმით აკვირდებოდა უმსხვილესი კომპანიის მუშაობას, მართლაც ბრწყინვალე გამოცდილება შეიძინა, 1859 წელს, 24 წლის ასაკში კი, დაწინაურებულმა სწორედ სკოტი შეცვალა ხელმძღვანელ თანამდებობაზე.
თუმცა, კარნეგი არა მხოლოდ ხელმძღვანელობდა კომპანიას, არამედ საკუთარ ინვესტიციებსაც აკეთებდა. ენდრიუმ ჯერ Woodruff Sleeping-Car Company-ის - ე.წ. საძილე ვაგონებზე ლიცენზიის მფლობელი ერთადერთი კომპანიის აქციები შეიძინა, მოგვიანებით კი, ამავე ტიპის ვაგონების მწარმოებელთან Pullman Palace Car Company-თან გააფორმა შეთანხმება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ორი კომპანიის გაერთიანებაში, რითაც თვითონაც სოლიდური შემოსავალი მიიღო. გაამართლა სარკინიგზო ხიდების მშენებელი Keystone Bridge Company-ისა და რელსების მწარმოებელი რამდენიმე კომპანიის აქციების შეძენამაც, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მისი კაპიტალი.
* * *
სამოქალაქო ომის წლებში, სამხედრო რკინიგზისა და სატელეგრაფო ქსელების ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, კარნეგი ჩრდილოელთა ბანაკის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პერსონად იქცა, მით უფრო, რომ ყოველთვის გრძნობდა უფროსი მეგობრის და მასწავლებლის თომას სკოტის მხარდაჭერას, რომელიც იმ პერიოდში სამხედრო მინისტრის პოსტზე მსახურობდა.
ომმა არა მხოლოდ განამტკიცა კარნეგის პოზიციები, არამედ დაეხმარა უკეთ გაეგო, სად შეიძლებოდა მეტი ფულის შოვნა. რა თქმა უნდა, რკინიგზას პირველ რიგში მეტალი სჭირდებოდა, ამიტომ ომის დასრულების შემდეგ, 1865 წელს, როცა კარნეგის წლიურმა შემოსავალმა 50 ათასი დოლარი შეადგინა (ქვეყნის პრეზიდენტს ანაზღაურება კი მხოლოდ 25 ათასი დოლარი იყო), ენდრიუ ნედლეულის წარმოებით დაინტერესდა და სრულიად ახალი ბიზნესი წამოიწყო.
* * *
1872 წელს კარნეგიმ ფოლადის მწარმოებელი კომპანია J. Edgar Steel Works შეიძინა, რომელსაც მოგვიანებით Carnegie Steel Company უწოდა და იმ პერიოდის ამერიკისთვის ინოვაციური - თუჯისგან ფოლადის მიღების ტექნოლოგია დანერგა. კარნეგიმ შემოიღო წარმოებისა და ხარჯების დეტალური აღრიცხვაც, რაც ასევე სიახლედ იქცა ამერიკისთვის. სწორედ მაქსიმალური კონტროლის წყალობით მოიპოვა Carnegie Steel-მა წამყვანი პოზიცია სამრეწველო პროდუქტების ბაზარზე, თავად კარნეგიმ კი, "ამერიკის ფოლადის მეფის" ტიტული შეიძინა.
თუმცა, პერფექციონისტი კარნეგი მიღწეულით არ დაკმაყოფილდა და ხარჯის შემცირებით წარმოების გაფართოების მეთოდი შეიმუშავა, რაც მცირე ფოლადმწარმოებელი და ფოლადის წარმოებისთვის აუცილებელი ნედლეულის მიმწოდებელი კომპანიების შეძენას გულისხმობდა. სწორედ კარნეგი იქცა ე.წ. ბიზნესის ვერტიკალური განვითარების ფუძემდებლად, როცა თვითონ შეუდგა ნედლეულის წარმოებას, რისი წყალობით მიმწოდებლებთან თანამშრომლობისგან გათავისუფლდა და სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ 1889 წელს შეერთებულმა შტატებმა პირველად გაუსწრო ბრიტანეთს ფოლადის წარმოებაში, რაც მეტწილად სწორედ კარნეგის დამსახურებად ითვლება, რომელიც იმ პერიოდში ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე შეძლებულ და გავლენიან ბიზნესმენად იქცა.
* * *
წარმატებული ბიზნესის პარალელურად, კარნეგი საკუთარ ნაშრომებსაც ინტენსიურად აქვეყნებდა. მისი ავტორობით შექმნილ შრომებს შორის განსაკუთრებული პოპულარობა ერთგვარმა ესსემ "სიმდიდრემ" მოიპოვა, რომელიც 1889 წელს ჟურნალში "თანამედროვე განათლებაში" გამოაქვეყნა და მოკლედ ჩამოაყალიბა ყველა ის თვისება და პრინციპი, რაც ბიზნესმენისთვის უმთავრესად მიიჩნია.
კარნეგის აზრით, კარგი ბიზნესმენი არა მხოლოდ საკუთარი წარმოების გაფართოებასა და შემოსავლის გაზრდაზე, არამედ სხვათა კეთილდღეობაზეც უნდა ზრუნავდეს, რადგან სწორედ ესაა მისი ვალდებულება სამყაროს წინაშე. გამოცდილი ბიზნესმენის მოსაზრებამ, რომელიც ერთგვარ მოწოდებად იქცა, სრულად გაამართლა, რადგან ამერიკელი მეწარმეები აქტიურად შეუდგნენ საქველმოქმედო საქმიანობას.
* * *
მართალია, მეცენატმა "კეთილი გულის მილიონერის" სახელი შეიძინა, მაგრამ მისი ხელგაშლილობა ნაკლებად გავრცელდა მისივე კომპანიის თანამშრომლებზე, რომლებიც მინიმალური ანაზღაურებით მუშაობდნენ კვირაში 7 დღე, წელიწადში მხოლოდ ერთი დასვენების დღით. სწორედ ამგვარმა არაადამიანურმა პირობებმა აიძულა 1892 წელს "კარნეგის მუშებს" გაფიცვის მოწყობა, კომპანიის მმართველმა ჰენრი კლეი ფრიკმა კი, არ მოინდომა მათი მოთხოვნების მოსმენა და ნაციონალურ გვარდიის დახმარებით ჩაახშო გაფიცულთა აჯანყება, რასაც ორივე მხრიდან 15 ადამიანი ემსხვერპლა, 40-მა კი, მძიმე დაზიანება მიიღო.
ინციდენტმა სერიოზულად აზარალა თავად კარნეგის რეპუტაცია, რომელიც დიდხანს ცდილობდა მის აღდგენას. ყველამ კარგად იცოდა, რომ ფრიკი მხოლოდ მის ბრძანებებს ემორჩილებოდა, ამიტომ გაჩნდა ვარაუდი, რომ მუშათა დარბევის ბრძანებაც სწორედ კარნეგიმ გასცა. მეტიც, 1900 წელს, "კეთილი გულის მილიონერმა", რომლის კორპორაციის ყოველწლიურმა შემოსავალმა 480 მილიონი დოლარი შეადგინა საერთოდ უარი თქვა წარმოებაზე და საკუთარი ბიზნესი ცნობილ მეწარმეს ჯონ პირპონტ მორგანს მიჰყიდა, რომელმაც სწორედ იმ პერიოდში შექმნა ფოლადის მწარმოებელი საკუთარი კომპანია United States Steel Corporation.
* * *
სიცოცხლის ბოლო წლები კარნეგიმ ქველმოქმედებასა და ოჯახს მიუძღვნა. ენდრიუმ საკმაოდ გვიან, მხოლოდ 1887 წელს, 52 წლის ასაკში იქორწინა დედის გარდაცვალების შემდეგ, რომელსაც ყოველთვის უახლოეს ადამიანად თვლიდა, ბრმად ენდობოდა და არცერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მის გარეშე არ იღებდა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ერთადერთ ქალიშვილსაც დედის სახელი - მარგარეტი დაარქვა.
მართალია, კარნეგის ქველმოქმედებამ თითქმის ყველა სფერო მოიცვა, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ბიბლიოთეკები მოსწონდა, ამიტომ ფინანსები არ დაიშურა და 2509 ბიბლიოთეკა გახსნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მშობლიური დანფერმლინის ჩათვლით. 1891 წელს ნიუ-იორკის ცნობილმა საკონცერტო დარბაზმა "კარნეგი-ჰოლმა" უმასპინძლა პირველ სტუმრებს, ოთხი წლის შემდეგ კი, პიტსბურგში ამუშავდა კარნეგის ინსტიტუტი, რომლის მთავრ ფუნქციად მცირე ქალაქების მუზეუმების აღდგენა იქცა.
საერთო ჯამში საქველმოქმედო საქმიანობაზე კარნეგიმ 350 მილიონი დოლარი დახარჯა, რომელიც ორ ნაწილად გაყო და 62 მილიონი ბრიტანეთს, 288 მილიონი კი, შეერთებულ შტატებს უსახსოვრა. მეტიც, მილიონერის გარდაცვალების შემდეგ გაირკვა, რომ მეუღლემ და ქალიშვილმა მისი ქონების მხოლოდ მცირე ნაწილი მიიღეს, რადგან ასე მოინდომა თავად კარნეგიმ, რომელმაც მთელი კაპიტალი ნაკლებად შეძლებულებს დაურიგა და სამყაროს წინაშე სრულად ვალმოხდილმა დაასრულა სიცოცხლე.