* ბილი ჯოელი -
ამერიკელი ავტორ-შემსრულებელი და პიანისტი, რომელიც კრიტიკოსებმა ელტონ ჯონთან ერთად მიაკუთვნეს ე.წ. "პიანო-როკის" მიმდინარეობას, არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მუსიკოსი, არამედ "გრემის" 6 პრემიის მფლობელია, მათ შორის ისეთ პრესტიჟულ ნომინაციებში, როგორიც წლის საუკეთესო ალბომი, ჩანაწერი და კომპოზიციაა.
* * *
უილიამ მარტინ ჯოელი 1949 წლის 9 მაისს დაიბადა ნიუ-იორკში, ნაკლებად შეძლებულ ოჯახში. მართალია, მისი მამა ელექტრიკოსად მუშაობდა, მაგრამ მუსიკაზე უზომოდ შეყვარებული მთელ თავისუფალ დროს ფორტეპიანოზე დაკვრას უთმობდა. სწორედ მამის წყალობით დაინტერესდა 4 წლის ბილი მუსიკით და მისივე დახმარებით ისწავლა დაკვრა, თუმცა ბიჭუნა, რომელიც პიანინოზე უკრავდა, თანატოლების დაცინვის და ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა, რამაც მოზარდ ჯოელს კრივის სექციაში ჩაწერა აიძულა. რინგზე ბილიმ 22 წარმატებული ბრძოლა გამართა ტურნირის "ოქროს ხელთათმანების" ფარგლებში და არავინ იცის, როგორ გაგრძელდებოდა მისი სპორტული კარიერა, ერთ-ერთ ბრძოლაში ცხვირი რომ არ გაეტეხათ.
თანდაყოლილი მუსიკალური ნიჭის და საშემსრულებლო ოსტატობის მიუხედავად, ჯოელს მაინც დიდხანს არ გაუმართლა, რადგან აღიარების მოპოვებამდე რამდენიმე მარცხიან პროექტში მიიღო მონაწილეობა. 16 წლის ჯოელი არაპროფესიონალთა ჯგუფში The Echoes-ში მიიწვიეს, რომელშიც რამდენიმე წელი უკრავდა. თუმცა, მუსიკით გატაცება უარყოფითად აისახა მის აკადემიურ მოსწრებაზე, ამიტომ ისე თქვა სწავლაზე უარი, რომ სკოლის დამთავრებაც ვერ შეძლო და მხოლოდ 1992 წელს მიიღო საშუალო განათლების ატესტატი.
* * *
1967 წელს ჯოელი ახალ ჯგუფს The Hassles-ს შეუერთდა, რომელმაც მართალია, ლეიბლთან United Artists Records-თან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ჯერ ოთხი სინგლი, მერე ალბომები The Hassles და Hour of the Wolf გამოუშვა, მაგრამ განსაკუთრებულ წარმატებას მაინც ვერ მიაღწია.
1969 წელს The Hassles-ის დრამერთან ჯონ სმოლთან ერთად ჯოელმა დუეტი Attila შექმნა და ერთი წლის შემდეგ ალბომი ჩაწერა, რომელიც იმდენად უვარგისი აღმოჩნდა რომ სტუდია Universal-მა გაყიდვაში ჩაშვებაზეც უარი თქვა. 1971 წელს დუეტი დაიშალა, მართალია, ოფიციალურად კონფლიქტის მიზეზად შემოქმედებითი უთანხმოება დასახელდა, მაგრამ სინამდვილეში, დაპირისპირების მიზეზი ჯოელის რომანი გახდა, რომელიც სმოლის მეუღლესთან - ელისაბედთან ვებერთან გააბა. სიმართლის გამოაშკარავების შემდეგ ვებერმა ორივე პარტნიორთან გაწყვიტა ურთიერთობა და მხოლოდ მოგვიანებით შეურიგდა ჯოელს, რომელსაც 1973 წელს ცოლად გაჰყვა და მისი მენეჯერი გახდა. თუმცა, 1982 წელს წყვილი საბოლოოდ დაშორდა.
* * *
მუდმივმა მარცხმა და უიმედობამ მუსიკოსის მძიმე დეპრესია გამოიწვია. მეტიც, ქიმიური ხსნარის მიღებით ჯოელმა თავის მოკვლაც კი, სცადა, რაც საბოლოოდ ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანით დასრულდა. ერთკვირიანი სავალდებულო მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ მუსიკოსმა ნაკლებად ცნობილ ლეიბლთან Family Productions-თან გააფორმა კონტრაქტი 10 ალბომზე. თუმცა, ერთი შეხედვით სასარგებლო ხელშეკრულებამ მხოლოდ ზარალი მოუტანა, რადგან არა მხოლოდ 1971 წელს გაფორმებული ვალდებულებებისგან გაუჭირდა გათავისუფლება, არამედ 1987 წლამდე იძულებით უხდიდა კომპანიას 1 დოლარს ყოველი გაყიდული ალბომიდან.
1972 წელს, ნიუ-იორკის ღამის კლუბებში, ბილ მარტინის ფსევდონიმით გამართული რამდენიმე კონცერტის შემდეგ ჯოელმა პირველი ტური მოაწყო ქვეყნის მასშტაბით და აღიარებაც მოიპოვა, სიმღერის Captain Jack-ის ფილადელფიის ერთ-ერთ რადიოსადგურში ჰიტად ქცევის შემდეგ კი, Columbia Records-ის პროდიუსერებმა, რომელთაც ჩათვალეს, რომ ახალგაზრდა ავტორ-შემსრულებელი თამამად შეძლებდა ელტონ ჯონისთვის კონკურენციის გაწევას, ჯოელს კონტრაქტის გაფორმება შესთავაზეს.
1973 წელს სწორედ Columbia Records-თანამშრომლობით ჩაწერა ჯოელმა ალბომი Piano Man, რომლის კომპოზიციებს მეტწილად ლოს-ანჯელესის ბარში Executive Room-ში, პიანისტად მუშაობის დროს მიღებული შთაბეჭდილებები დაედო საფუძვლად, ამავე სახელწოდების სიმღერა კი, არა მხოლოდ ჯოელის სავიზიტო ბარათად იქცა, არამედ ჟურნალ Rolling Stone-ის ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერის ნუსხაშიც მოხვდა. არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა 1974 წელს გამოსული Streetlife Serenade - ერთგვარი კონცეპტუალური ალბომი, რომელმაც რამდენიმე ჰიტი გააერთიანა და საბოლოოდ ჩამოაყალიბა ჯოელის როგორც კომპოზიტორისა და ვოკალისტის სტილი.
ლოს-ანჯელესში გატარებული სამი წლის შემდეგ მუსიკოსი ისევ ნიუ-იორკში დაბრუნდა და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიცია New York State of Mind ჩაწერა, რომელიც დღეს მისი შემოქმედების კლასიკად ითვლება, მით უფრო, რომ სიმღერა ბარბარა სტრეიზანდის რეპერტუარშიც მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ალბომი Turnstiles, რომლის წამყვანი ჰიტი სწორედ New York State of Mind გახდა, ჯოელმა თვითონ დააფინანსა და პირველად ჩაწერა საკუთარ ბენდთან და არა მოწვეულ მუსიკოსებთან ერთად. ალბომი Billboard 200-ის საუკეთესო ასეულში მოხვდა, კომპოზიცია New York State of Mind კი, ნიუ-იორკის არაოფიციალურ ჰიმნად იქცა.
1977 წლის შემოდგომაზე ჯოელმა კარიერის საუკეთესო ალბომი The Stranger გამოუშვა, რომელიც 7-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. მეტიც, იმდენად მაღალი აღმოჩნდა მოთხოვნილება მის შემოქმედებაზე, რომ 3 თვეში 50 კონცერტის მოწყობა მოუწია. ერთი წლის შემდეგ მუსიკოსმა ნაკრები 52nd Street ჩაწერა, რომელმაც რვა კვირის მანძილზე შეინარჩუნა Billboard 200-ის ლიდერობა და საბოლოოდ განამტკიცა ჯოელის, როგორც სუპერვარსკვლავის სტატუსი. სხვათა შორის, 52nd Street-მა, რომელიც პირველსავე თვეში 2 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა, ერთგვარი რეკორდი დაამყარა, რადგან 1980-იანი წლების საუკეთესო ალბომად დასახელდა.
* * *
საერთო ჯამში მუსიკოსმა "გრემის" ექვს პრემიას მოუყარა თავი. 1978 წელს ჯოელმა ორი ჯილდო მიიღო წლის სიმღერისა და წლის რეკორდის კატეგორიებში, ერთი წლის შემდეგ კი, საუკეთესო პოპ-ვოკალისა და წლის ალბომის ნომინაციის გამარჯვებული გახდა, 1980 წელს მუსიკოსი საუკეთესო როკ-ვოკალისტი მამაკაცი გახდა, 1991 წელს კი, სპეციალური პრემიითა და ლეგენდარული მუსიკოსის სტატუსით დაჯილდოვდა.