კრემლი სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტის მიღებას ეხმაურება. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სომხეთში არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც თვლიან, რომ ევროკავშირზე ორიენტირება ქვეყანას დამატებით დივიდენდებს მოუტანს. შეგახსენებთ, სომხეთის პარლამენტმა დღეს სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. სომხური მედიის ინფორმაციით, კანონპროექტს მხარი 63-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 7 იყო. კანონპროექტის ინიციატორი სამოქალაქო ინიციატივა „დემოკრატიული ძალების პლატფორმაა“, რომელმაც 2 თვეში 60 ათასი ხელმოწერის შეგროვება მოახერხა. აღნიშნული ხელმოწერები, კანონპროექტის ეროვნულ ასამბლეაში განსახილველად წარსადგენად აუცილებელი იყო.