"ჰამასი" აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთგული რჩება. როგორც „ბიბისი“ წერს, „ჰამასი“ ტრამპის კომენტარებს „რასისტულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ღაზის სექტორიდან პალესტინელების „გაძევების“ გეგმა ვერ განხორციელდება. მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაში ინტენსიურ ბრძოლას განაახლებს, თუ „ჰამასი“ მძევლებს შაბათს შუადღისთვის არ გაათავისუფლებს. ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ „ჰამასმა“ შეთანხმება დაარღვია და მძევლების გათავისუფლების შეჩერების შესახებ განაცხადა. პრემიერს არ დაუკონკრეტებია, რამდენი მძევალი უნდა გათავისუფლდეს შაბათს, თუმცა ცნობილია, რომ შეთანხმების მიხედვით, სამი ისრაელელი მძევალი უნდა გათავისუფლებულიყო.