2023 წელი საქართველოში აუდიტის სექტორისთვის მნიშვნელოვანი წარმატების წელი აღმოჩნდა. ქვეყნის 10 წამყვანი საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის საერთო შემოსავალმა 114 723 526 ლარს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ აუდიტის ბაზარი წინა წელთან შედარებით 11%-თ გაიზარდა.
წლიური ანგარიშის მონაცემების საფუძველზე, აუდიტორული კომპანიების რეიტინგში კვლავ საერთაშორისო კომპანიები დომინირებენ. ლიდერის პოზიციაზე BDO საქართველოა, რომლის შემოსავალმაც 2023 წელს 21.9 მილიონი ლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა PWC საქართველო, 20.9 მილიონი ლარის წლიური შემოსავლით, მესამე პოზიციაზე EY საქართველო, რომლის ფინანსურმა მაჩვენებელმა 18 მილიონ ლარს მიაღწია. მეოთხე ადგილს KPMG Georgia იკავებს 13,378,175 ლარის შემოსავლით, მეხუთე ადგილზე კი Nexia Georgia, რომელმაც წლის განმავლობაში 12,202,942 ლარის შემოსავალი დააფიქსირა.
აღნიშნული რეიტინგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო ბრენდების დომინირებას საქართველოს აუდიტორულ ბაზარზე. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი კომპანიებიც მუდმივად ზრდიან საკუთარ წილს და აუდიტის ბაზარზე კონკურენციის გაძლიერებას უწყობენ ხელს. ამ ეტაპზე, ოფიციალური მონაცემებით, 272 აუდიტორული ფირმაა რეგისტრირებული. ეს ტენდენცია აუდიტორული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, ქვეყნის ბიზნესგარემოს განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება.
უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ათეულის რეიტინგი კი ასე გამოიყურება:

აღსანიშნავია, რომ 2022 წელთან შედარებით, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ათეულის რეიტინგში პოზიციები შეიცვალა. BDO Georgia-მ მეორე ადგილიდან პირველ ადგილზე გადაინაცვლა, PwC მესამე პოზიციიდან მეორეზე ადგილზე გადავიდა, რეიტინგის მესამე პოზიციაზე EY საქართველოა, Nexia Georgia კი მეექვსე ადგილიდან მეხუთე პოზიციაზე დაწინაურდა.
როგორც აუდიტორულ სექტორში აცხადებენ, აუდიტორული კომპანიების ზრდა საქართველოს ბიზნესგარემოს განვითარებისათვის პოზიტიური ნიშანია, რადგან ეს ხაზს უსვამს ბიზნესების მზარდ მოთხოვნას გამჭვირვალობისა და შესაბამისობის უზრუნველყოფაზე და პროფესიული მომსახურების როლს მდგრადი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ფორმირებაში.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ფინანსური მაჩვენებლები მხოლოდ მომდევნო წელს გახდება ხელმისაწვდომი. მიუხედავად იმისა, რომ წელი უკვე დასრულდა, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეგულირების სამსახურს 2023 წლის ფინანსური შედეგები წარედგინა. მიმდინარე წლის აპრილშიც მხოლოდ ერთი მიმართულების, - ფინანსური აუდიტის შედეგები გამოქვეყნდება, ამიტომ, ბაზრის სრული ანალიტიკისთვის მონაცემების აღება და შეფასება მომდევნო წლის ბოლომდე ვერ მოხერხდება.