სანტორინიზე 28 იანვრის შემდეგ 500-ზე მეტი მიწისძვრა დაფიქსირდა, რის გამოც კუნძული 11 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა.საბერძნეთის ხელისუფლებამ სანტორინიზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 3 მარტამდე გაგრძელდება. კუნძულზე მომხდარი მიწისძვრების სიმძლავრე 4,7-დან-5,2 მაგნიტუდეა. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ სანტორინი უფრო ძლიერი მიწისძვრის საფრთხის წინაშე დგას. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ ქვეყნის შესაბამისი ძალები მობილიზებულია და მთავრობა ნებისმიერი მოულოდნელობისთვის მზადაა. მანვე კუნძულზე დარჩენილ ადგილობრივ მოსახლეობას სიმშვიდისკენ და ხელისუფლებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა. კუნძულზე გამანადგურებელი მიწისძვრა ბოლოს 1956 წელს მოხდა. რა დროსაც 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია. დაღუპულთა რაოდენობამ 53-ს მიაღწია, ასზე მეტმა ადამიანმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.