* ჩეტ ბეიკერი -
ამერიკელი მესაყვირე და ვოკალისტი ჩეტ ბეიკერი, რომელმაც უზარმაზარი წვლილი შეიტანა ე.წ. მოდერნ-ჯაზის განვითარებაში, ერთ-ერთი პირველი თეთრკანიანი ჯაზ-შემსრულებელია, რომელიც თანასწორად მიიღეს შავკანიანმა კოლეგებმა.
საოცრად ქარიზმატული ბეიკერი, "მელანქოლიური ხმით, სევდიანი თვალებითა და ჰოლივუდური მანერებით", - როგორც მას ჟურნალისტები უწოდებდნენ - 1950-იანი წლების "ამერიკული ოცნების" ნამდვილ განსახიერებად იქცა, თუმცა სხვა გენიოსების მსგავსად, მასაც მეტად რთული ცხოვრება ჰქონდა.
1988 წლის 13 მაისს, როცა ბეიკერის დასისხლიანებული ცხედარი ამსტერდამში, იმავე სასტუმროს ფანჯრების ქვეშ იპოვეს, სადაც ცხოვრობდა, მისი ცნობა პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან წლების მანძილზე ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებამ რადიკალურად შეცვალა მისი ბრწყინვალე გარეგნობა, რომელსაც 50-იანელთა თაობის გოგონები ეტრფოდნენ.
მართალია, ოფიციალურად ბეიკერის სიკვდილი ტრაგიკულ შემთხვევად შეფასდა, თითქოს მუსიკოსი შემთხვევით გადმოვარდა მესამე სართულის ფანჯრიდან, მაგრამ მისი მეგობრები და თაყვანისმცემლები ვარაუდობენ, რომ მუსიკოსმა, რომელიც მძიმე დეპრესიას განიცდიდა, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
* * *
ჩენსი ჰენრი ბეიკერი 1949 წლის 23 დეკემბერს დაიბადა ოკლაჰომას შტატის პატარა ქალაქ იეილში, მუსიკოსების ოჯახში. მისი მამა პროფესიონალი გიტარისტი იყო, დედა კი, ფორტეპიანოზე უკრავდა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ჩეტი ადრეული ასაკიდანვე გაიტაცა მუსიკამ. პირველი ინსტრუმენტი, რომელიც მამამ, ცნობილი ჯაზ-შემსრულებლის ჯეკ ტიგარდენის დიდმა თაყვანისმცემელმა 14 წლის შვილს აჩუქა - ტრომბონი იყო, თუმცა სუსტი აღნაგობის ჩეტი ვერ მოერია მასიურ ინსტრუმენტს და საყვირზე გაცვალა, რომელთანაც როგორც თავად აღნიშნა, "უცებ გამონახა საერთო ენა".
1946 წელს 16 წლის ბეიკერი ჯარში გაიწვიეს, თუმცა არც სამხედრო სამსახურში თქვა უარი მუსიკაზე და ორკესტრში მუზიცირებით მოსინჯა შესაძლებლობები სხვადასხვა ინსტრუმენტზე. 1951 წელს ჯარიდან დაბრუნებული ბეიკერი ლოს-ანჯელესში დასახლდა და ეტაპობრივად შეუდგა კონცერტების გამართვას დასავლეთ სანაპიროს ქალაქებში.
მართალია, ბეიკერის მშვიდი და მინიმალისტური დაკვრის სტილი რადიკალურად განსხვავდებოდა სტენ გეტსის და ჩარლი პარკერის იმ პერიოდში აქტუალური იმპულსური შესრულების მანერისგან, მაგრამ სწორედ მაილს დევისის მუსიკით შთაგონებული ლირიული ჟღერადობის წყალობით მოიპოვა პოპულარობა.
ნამდვილ გამართლებად იქცა ბეიკერისთვის საქსოფონისტი ჯერი მალიგანის გაცნობა, რომლის ბენდმა ერთგვარი გადატრიალება მოხდინა ჯაზის სამყაროში, რადგან პირველმა გამოიყენა ფორტეპიანო. მუსიკოსების კონცერტები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა, რამაც ლეიბლის Pacific Jazz-ის მენეჯერს დიკ ბოჰს მათთან კონტრაქტის გაფორმება აიძულა.
* * *
1953 წელს, მალიგანის საპატიმროში მოხვედრის შემდეგ ბეიკერმა სოლო კარიერა წამოიწყო და სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, როგორც ბრწყინვალე ვოკალისტმა და მესაყვირემ. 1954 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Chet Baker Sings ჩაწერა, რასაც ორი წლის შემდეგ ნაკრები Chet Baker & Crew მოჰყვა. რბილი ხმისა და ე.წ. სევდანარევი მელანქოლიური ჟღერადობის წყალობით ბეიკერმა თავად მაილს დევისიც უკან ჩამოიტოვა. მეტიც, წერილში, რომელიც ჩარლი პარკერმა კოლეგას მისწერა, ხუმრობით აღნიშნა, რომ "დასავლეთ სანაპიროზე პატარა თეთრი კატა გამოჩნდა, რომელიც ერთიანად გადაყლაპავდა დევისს მთელი თავისი შემოქმედებით".
მართალია, ბეიკერს არც მუსიკალური განათლება ჰქონდა, არც ნოტების კითხვა იცოდა და მხოლოდ სმენით უკრავდა, მაგრამ სწორედ შეზღუდვებისა და პროფესიონალური სტერეოტიპებისგან თავისუფალი შემოქმედების წყალობით დაჯაბნა დიზი გილესპი და მაილს დევისი, რომელთაც სერიოზული აკადემიური განათლება მიიღეს. თუმცა, პოპულარობის პიკში მუსიკოსი ნარკოტიკებმა გაიტაცა, რადგან კოლეგების მსგავსად, მანაც ჩათვალა, რომ სწორედ ნარკოტიკები იყო შემოქმედების იმპულსი და ერთგვარი სტიმულატორი.
1959 წელს ბეიკერი ევროპაში გაექცა ნარკოტიკების მოხმარებისთვის სასამართლო დევნას, თუმცა, ვერც ევროპა იქცა მისთვის თავშესაფრად, რადგან ჯერ იტალიის ციხეში მოხვდა ჰეროინის შენახვისთვის, მერე იმავე მიზეზით ბრიტანეთიდან და გერმანიიდან გააძევეს, საბოლოოდ მუსიკოსს ისევ ამერიკაში მოუწია დაბრუნება, თუმცა პატიმრობისგან მაინც შეძლო თავის დაღწევა.
* * *
ქარიზმისა და არაჩვეულებრივი გარეგნობის წყალობით, 1955 წელს ბეიკერი ჰოლივუდში მიიწვიეს. პროდიუსერები დარწმუნებული იყვნენ, რომ ახალგაზრდების კერპის კინოვარსკვლავად ქცევით დიდ ფულს იშოვიდნენ. სადებიუტო ეპიზოდური როლი ბეიკერმა ტომ გრისის სამხედრო დრამაში "ჯოჯოხეთის ჰორიზონტში" შეასრულა, თუმცა ფილმი გაქირავებაში ჩავარდა, რამაც მუსიკოსს სამუდამოდ აუცრუა გული კინოზე, მით უფრო, რომ 1966 წელს, ქუჩის ჩხუბის დროს, სერიოზულად ნაცემს რამდენიმე კბილი ჩაუმტვრიეს და სამუდამოდ დაუმახინჯეს სახე, რაც ძალიან მტკივნეულად განიცადა. მეტიც, მეგობრების განცხადებით, არა იმდენად ფიზიკური, რამდენადაც სახის დამახინჯებით გამოწვეული ემოციური ტრავმა იქცა იმ დეპრესიის მიზეზი, რამაც შვიდი წლით მუსიკაზე უარის თქმა აიძულა.
* * *
1970-იანი წლების მეორე ნახევარში ბეიკერმა ძველი პოპულარობის დაბრუნება სცადა და ჯერ ცნობილ პროდიუსერთან კრიდ ტეილორთან ერთად ჩაწერა რამდენიმე ალბომი, მერე ჯერი მალიგანის ბენდს დაუბრუნდა, თუმცა 70-იან წლებში, როცა რადიკალურად შეიცვალა მუსიკალური გემოვნება ბეიკერის შემოქმედება ნაკლებად საინტერესო აღმოჩნდა პოპულარული ჯაზ-როკისა და ფიუჟენის ფონზე.
მართალია, მუსიკოსმა ახალ ტენდენციებს აყოლა სცადა და ალბომი You Can’t Go Home Again ჩაწერა, რომელშიც რამდენიმე მუსიკალური ჟანრი გააერთიანა დისკოსა და ფანკის ჩათვლით, მაგრამ ტრენდების დევნამ სასიკეთო ვერაფერი მოუტანა. 1978 წელს ბეიკერი ისევ ევროპაში დაბრუნდა და რამდენიმე ქვეყანაში მოგზაურობის შემდეგ ნიდერლანდებში დაფუძნდა, სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.
ნარკოტიკებისა და ემოციონალური პრობლემების მიუხედავად, ბეიკერს მაინც მეტად ნაყოფიერი კარიერა ჰქონდა, რადგან 30 წლის მანძილზე 200 ალბომის ჩაწერა მოახერხა, 1954 წელს კი, მუსიკალური გამოცემებისგან Metronome-სა და Downbeat-გან მიიღო "საუკეთესო ჯაზ-ვოკალისტის" ტიტული.