* ბენქსი -
ბენქსი - ანონიმი ბრიტანელი მხატვრის, პოლიტიკური აქტივისტისა და რეჟისორის ფსევდონიმია, რომლის სტრით-ართ ნამუშევრები პუბლიკამ 1990-იანი წლების დასაწყისში გაიცნო, თუმცა დღემდე არავინ იცის, მისი ვინაობა და წარმომავლობა.
მსოფლიო აღიარება ბენქსიმ ე.წ. ანდერგრაუნდის სხვა მხატვრებისგან რადიკალურად განსხვავებული სტილის წყალობით მოიპოვა, რომელშიც სატირა, გრაფიტი და ტრაფარეტული ბეჭდვის ტექნიკა გააერთიანა. მისი ნამუშევრები ყოველთვის შავი იუმორით და მათი თანმხლები გამომწვევი ეპიგრამებით გამოირჩევა, რომლებიც თანამედროვე საზოგადოებას აღწერენ და მწვავე კომენტარებს აკეთებენ აქტუალურ სოციალურ თუ პოლიტიკურ პრობლემებზე.
* * *
მართალია, ანონიმურობით შენიღბული ბენქსის ნამდვილი სახელი არავინ იცის, მაგრამ ვარაუდები მაინც შესაშური ენთუზიაზმით ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ინკოგნიტო მხატვარი ჯგუფის Massive Attack-ის წევრი რობერტ დელ ნაია, თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ „ბენქსი“ - არა ერთი ადამიანი, არამედ თანამედროვე მხატვრების მასიური ჯგუფია, რომლებიც შეთანხმებით მოქმედებენ ევროპის მსხვილ ქალაქებში. ერთი შეხედვით უცნაური ვერსია კანადელმა მხატვარმა კრის ჰილმა გაავრცელა, რომლის მტკიცებით, სინამდვილეში, „ბენქსი“ - ახალგაზრდა ქალის ხელმძღვანელობით გაერთიანებული რამდენიმე მხატვრის კრებითი სახელია, საკუთარი მოსაზრების დასტურად კი, ნახატებზე გამოსახული პატარა გოგონა მოიყვანა, რომლითაც სთრით-არტისტები მანამდე არასდროს ინტერესდებოდნენ.
* * *
ვერსიების სიმრავლის მიუხედავად, სავარაუდოდ ბენქსი 1974 წელს დაიბადა ბრისტოლში, სადაც მისი ათამდე ნამუშევარია შემორჩენილი - „ბნელი მკრეფელის“, „შეყვარებულის“ და „ნიღბიანი გორილას“ ჩათვლით.
„რა თქმა უნდა, დღეს ბენქსის ნახატები ასობით ათასი ფუნტი ღირს, თუმცა ოდესღაც ის ჩვეულებრივი მოზარდი იყო, რომელიც ფერადი ბალონებით დაეხეტებოდა ქალაქის ქუჩებში და სახუმარო ნახატებით ავსებდა ნაცრისფერ კედლებს “, - ნათქვამია ქალაქის ტურისტულ პორტალში, რომელიც ე.წ. „ბენქსი-ტურის“ მოწყობას და მისი ნამუშევრების დათვალიერებას სთავაზობს მსურველებს.
* * *
მართალია, სტრით-არტი მთელ მსოფლიოში ვანდალიზმად ითვლება და კანონით ისჯება, მაგრამ განსხვავებული აზრი აქვს თავად ბენქსის: „ამბობენ, თითქოს გრაფიტი ხალხს აშინებს, რადგან საზოგადოების დეგრადაციას განასახიერებს, თუმცა სინამდვილეში, ქუჩებში ხატვა მხოლოდ პოლიციელების, რეკლამის განმთავსებლებისა და მათთვისაა საშიში, ვინც თვითონ აკეთებს გრაფიტის“, - აღნიშნა მხატვარმა, რომელიც ხანგრძლივი კარიერის მიუხედავად, მხოლოდ ერთხელ ჩაუვარდა ხელში პოლიციას, როცა ნიუ-იორკში, საცხოვრებელი სახლის თავზე მოთავსებული სარეკლამო აბრის მოხატვას ცდილობდა. მხატვარს არც უფიქრია გაქცევა, პირიქით, სოლიდურ ჯარიმა გადაიხადა და 40-საათიანი საზოგადოებრივი სამუშაოც სიამოვნებით შეასრულა, თუმცა მისი ვინაობა მაინც გასაიდუმლოებული დარჩა.
* * *
ბენქსის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ არტ-პროექტად თემატური გასართობი პარკი იქცა ბრიტანეთის ქალაქ უესტონ-სუპერ-მერში, რომელიც 2015 წლის 21 აგვისტოს გაიხსნა თითქმის მთელი თვით. პარკის მშენებლობა ტრილერის „ნაცრისფერი მელას“ გადაღებებით შეინიღბა და ფარულად განხორციელდა მხატვრის სავარაუდო მენეჯერის ჰოლი ქუშინგის ხელმძღვანელობით, თავად ბენქსიმ კი, არა მხოლოდ 10 ახალი ინსტალაცია შექმნა, არამედ თანამედროვე მხატვრების, მათ შორის ჯენი ჰოლცერისა და დემიენ ჰერსტის 58 ნამუშევარსაც მოუყარა თავი.
უჩვეულო ექსპონატებს შორის მოხვდა ლტოლვილებით გავსებული ნავი და კონკიას დამტვრეული ეტლი, რომელიც პრინცესა დიანას ტრაგიკულად დაღუპვის სიმბოლოდ ითვლება. მართალია, „მსოფლიოს ყველაზე ცუდი პარკი“ გასართობ ინდუსტრიაზე სატირად შეიქმნა, რადგან Disneyland-ისგან განსხვავებით არა ზღაპარში, არამედ დამსხვრეული ოცნებების რეალურ სამყაროში შესთავაზა სტუმრებს მოგზაურობა, მაგრამ რეგიონის ბიუჯეტი მაინც შეავსო 30 მილიონი ფუნტი სტერლინგით.
* * *
ბენქსის კიდევ ერთ მსხვილ პროექტად იქცა სასტუმრო Walled off Hotel ბეთლემში რამდენიმე ნომრითა და „საზარელი ხედით“, რადგან ფანჯრებიდან ისრაელის გამყოფი კედლის მეტი არაფერი ჩანს, მზის სხივებით კი, მხოლოდ 25 წუთით ნათდება მთელი დღის მანძილზე.
სასტუმროს გაფორმებაზე რამდენიმე მხატვარმა, მათ შორის დომინიკ პეტრინმა და სამი მუსამ იზრუნეს, რომელთა ნამუშევრები პალესტინა-ისრაელის კონფლიქტს მიეძღვნა. მათთვის, ვინც ნაკლებად იცნობს ისტორიას, სასტუმროში სპეციალური მუზეუმია გახსნილი პროფესორ გევინ გრინდონის ხელმძღვანელობით, გალერეაში კი, პერმანენტულად ეწყობა პალესტინელი მხატვრების გამოფენები.
* * *
ბენქსის შემოქმედება დიდი ხანია გასცდა უბრალოდ კედლის ფერწერას, რადგან საკუთარ თავში უჩვეულო ინსტალაციები და პერფორმანსები გააერთიანა. 2003 წელს პროვოკატორმა მხატვარმა როდენის „მოაზროვნის“ უზარმაზარი ინსტალაცია შექმნა ლონდონში, რომელსაც საგზაო კონუსი მოარგო თავზე, ორი წლის შემდეგ კი, ბრიტანული ბანკნოტები გამოუშვა ელისაბედ მეორის ნაცვლად პრინცესა დიანას გამოსახულებით.
მეტიც, ბენქსის ყოველთვის თავისუფლად შეუძლია აქციოს უსახლკარო მაწანწალა სანტა-კლაუსად და მოხატოს ცოცხალი სპილო, შეავსოს საკუთარი ნამუშევრებით ლონდონის, პარიზის, ნიუ-იორკის წამყვანი მუზეუმების კოლექციები და ბიენალეს პარალელურად, „ივაჭროს ხელოვნებით“ ვენეციის ქუჩებში, რადგან მისთვის არც საზღვრები არსებობს, არც შეზღუდვები. თუმცა, სწორედ ამგვარი მრავალფეროვნება ამტკიცებს მოსაზრებას, რომ ერთი ადამიანის სახელით სინამდვილეში, განსხვავებული სტილის რამდენიმე მხატვარი ინიღბება.
* * *
ბენქსის საყვარელ პერსონაჟად ვირთხა ითვლება, რომელიც „ერთადერთი თავისუფალი არსებაა ქალაქში“, ამიტომ წამყვან როლს ასრულებს მის შემოქმედებაში. თუმცა, ბენქსის ვირთხა ისეთივე არაპროგნოზირებადი და მოულოდნელობებით სავსეა, როგორც ადამიანი, ამიტომ ხან მავნებლობს, ტოქსიკური ნარჩენებით წამლავს ქალაქს და საკუთარ ბინძურ, საზიზღარ ზნეს ავლენს, ხან თავგამოდებით მუშაობს, ელეგანტურად გამოიყურება და ეძებს სიყვარულს.
* * *
2011 წელს, მეტად საინტერესო ლოტი გამოჩნდა eBay-ს ინტერნეტ-აუქციონზე, როცა უცნობმა jaybuysthings -ის ფსევდონიმით პუბლიკას ბენქსის რეალური სახელის შეძენა შესთავაზა. მართალია, თავიდან აუქციონის მესვეურებმა უარი თქვეს ვაჭრობაზე, რადგან შეთავაზება "არამატერიალური" აღმოჩნდა, მაგრამ არც ანონიმი დაიბნა და თაბახის ფურცელი წარადგინა მისივე თქმით მხატვრის ნამდვილი სახელით. რა თქმა უნდა, ბევრმა მოინდომა მსგავსი ექსპონატის შეძენა, თუმცა ლოტის მფლობელმა თვითონ გადაიფიქრა, როცა ფსონმა მილიონ დოლარს მიაღწია. არსებობს მოსაზრება, თითქოს ხუმრობის ავტორი თავად ბენქსი იყო, რომელმაც სწორედ ასე სცადა საკუთარი ფასის გაგება.
* * *
მართალია, ბენქსი ყოველთვის ღიად დასცინის ე.წ. ''მომხმარებელთა მოთხოვნილებებს'', მაგრამ მაინც აქტიურად ვაჭრობს საკუთარი ნამუშევრებით. მაგალითად, 2019 წელს, Sotheby's-ს აუქციონზე სულ რაღაც 13 წუთში გაიყიდა მისი „მაიმუნების პარლამენტი“, რომელიც ანონიმმა კოლექციონერმა შეიძინა ნიუ-იორკიდან რეკორდულ - 12 მილიონ დოლარად.
* * *
1,4 მილიონ დოლარად გაიყიდა Sotheby's-ის აუქციონზე ბენქსის ყველაზე პოპულარული ნამუშევრის „გოგონა საჰაერო ბურთით“ საავტორო ორიგინალიც, თუმცა აუქციონის დასასრულს ერთ-ერთმა სტუმარმა მასიურ ჩარჩოში ჩადგმული შრედერი აამოქმედა, გაოცებული პუბლიკის თვალწინ დაჭრა ნახატი და სრულიად ახალი არტ-ობიექტი „სიყვარული ნაგვის ურნაში“ შექმნა, რომლის ფასი რამდენიმე წუთში გაორმაგდა. რა თქმა უნდა, იდეის ავტორი ისევ ბენქსი აღმოჩნდა, რომელმაც მოგვიანებით, საკუთარ ინსტაგრამზე გააკეთა კომენტარი პაბლო პიკასოს ციტატით, რომ „განადგურების სურვილიც შემოქმედებითი შთაგონებაა“.
* * *
მართალია, კოლეგები ხშირად აკრიტიკებენ ბენქსის სიზარმაცისა და ტრაფარეტების გამოყენების გამო, მაგრამ მხატვარი ყოველთვის ახერხებს თავის გამართლებას და ამბობს, რომ მხოლოდ დროის დაზოგვის მიზნით მიმართავს ამგვარ მეთოდს.
აღსანიშნავია, რომ შაბლონის გამოყენებით ბენქსი ფრანგი მხატვრის ბლექ ლე რატის ერთგვარ მიმდევრად იქცა, რომელმაც ნამდვილი გადატრიალება მოახდინა 1970-იანი წლების ქუჩის ხელოვნებაში, გრაფიტის შემქმნელები კი, არა უბრალოდ მხატვრებად, არამედ სოციალური ფერწერის ოსტატებად აქცია.
* * *
კრიტიკოსები, რომლებიც ხან „ანარქისტ მხატვრად“, ხან „არტ-ვანდალად“ მოიხსენიებენ ბენქსის, დიდი ხანია დავობენ, პოლიტიკური კარიკატურის ჟანრს უფრო მიეკუთნება მისი ნამუშევრები თუ ქუჩის მხატვრობას, რადგან სატირითა და სარკაზმით დატვირთულ ნახატებში ბენქსი ერთნაირი ირონიით ასახავს რასიზმს და ბრიტანეთის პოლიტიკას, ბავშვთა შრომას და მესამე სამყაროს ქვეყნების სიღატაკეს, გლობალურ დათბობას და ქარიშხალ „კატრინას“, სნოუდენის საქმეს და კორონავირუსს, რადგან მისთვის არ არსებობს ტაბუდადებული თემები. თუმცა, ირონიისა და ზოგჯერ უხეში ცინიზმის მიუხედავად, ბენქსის თაყვანისმცემლები დარწმუნებული არიან, რომ მხატვარი „პლანეტის ყველაზე დიდი გულშემატკივარია“, მის რეალურ ბუნებასა და სამყაროს მიმართ დამოკიდებულებას კი, ყველაზე კარგად „პაციფისტი მეამბოხე“ გამოხატავს, რომელიც ასაფეთქებლის ნაცვლად ყვავილების თაიგულს ისვრის.