American Airlines-ის ვაშინგტონში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავიდან შავი ყუთები ამოიღეს. ადგილობრივი მედია იუწყება, შავი ყუთებიდან ამოღებული მონაცემების ანალიზი ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ლაბორატორიაში განხორციელდება, რომელიც ტრაგედიის ადგილთან ახლოს მდებარეობს. საბჭოს განცხადებით, კატასტროფის შესახებ წინასწარი ანგარიში 30 დღეში მომზადდება. მათივე განცხადებით, ამ ეტაპზე დიდი მოცულობის ინფორმაცია არსებობს, თუმცა საჭიროა მისი გადამოწმება. ოფიციალური პირების ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 64 ადამიანი, ხოლო შვეულმფრენში 3 იმყოფებოდა. ამ დროისთვის, თვითმფრინავიდან 27, შვეულმფრენიდან კი ერთი ადამიანის ცხედარია ამოყვანილი. აშშ-ში ვაშინგტონის რეიგანის აეროპორტთან ახლოს American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი სამხედრო Black Hawk-ის ტიპის შვეულმფრენს შეეჯახა. კატასტროფა მდინარე პოტომაკის თავზე მოხდა. სამძებრო და ცხედრების ამოყვანის ოპერაცია ამ დრომდეც გრძელდება.