რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი იზრდება, აზერბაიჯანიდან კი მცირდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველომ გასულ წელს რუსეთიდან 145 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების გაზი შეიძინა, რაც 32%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. რაც შეეხება აზერბაიჯანს, გასულ წელს საქართველომ ამ მეზობელი ქვეყნიდან დაახლოებით 254 მლნ დოლარის ბუნებრივი აირი შეიძინა, რაც 19%-ით ნაკლებია წინა წლის მოცულობაზე. ზოგადად, საქართველო ბუნებრივ აირს მხოლოდ აზერბაიჯანსა და რუსეთში ყიდულობს. ჯამში 2024 წელს ქვეყანამ დაახლოებით 3 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი შეიძინა, რაც თანხობრივად დაახლოებით 400 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, მცირე რაოდენობით გაზი სომხეთიდანაც შემოდიოდა (რეექსპორტით), თუმცა, 2020 წლის შემდეგ იმპორტი აღარ განხორციელებულა. სამაგიეროდ, რუსეთიდან იმპორტის მაჩვენებელი 2009 წლის შემდეგ გასულ წელს მაქსიმუმზე იყო.