ევროკავშირის საბჭოში პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებში ხელახლა ჩართვისთვის შესანიშნავი შანსი აქვს, - ამის შესახებ საქართველოში პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელმა, არტურ გებალიმ თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, პოლონეთს, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას გააჩნია თუ არა რაიმე სახის ინსტრუმენტები და რესურსები, რათა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებში ცვლილებები მოხდეს, საქართველოში პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელმა, არტურ გებალიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის კუთხით პოლონეთს გარკვეული ინსტრუმენტები აქვს.
„ევროკავშირის საბჭოში პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირთან ურთიერთობებში ხელახლა ჩართვისთვის შესანიშნავი შანსი აქვს. თავმჯდომარეობას გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით გარკვეული ინსტრუმენტები აქვს, მაგალითად, ჩვენ გაფართოების მთავარ სამუშაო ჯგუფს ვხელმძღვანელობთ და გაფართოების კუთხით მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში დიდი ამბიციები გვაქვს. საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა და როგორც იცით, ეს გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და ამას უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ასახავს. ასე რომ, გზა თავისუფალია, კარი ღიაა და პოლონეთის თავმჯდომარეობა გაფართოების პროცესს მხარს უჭერს. ევროკავშირში ჩვენც არც ისე დიდი ხნის წინ, დაახლოებით 20 წლის წინ გავწევრიანდით. ამიტომ, ამბიციურები ვართ და გაფართოების პროცესს და ასევე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს ვუჭერთ. მაგრამ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქართულმა მხარემ და საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას, რათა აუცილებელი პირობები შეასრულოს. საქართველოსთვის ეს ისტორიული და უპრეცედენტო მომენტია და რთულია უკეთესი პირობების წარმოდგენა, როგორიც ახლა, პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდშია“, - განაცხადა არტურ გებალიმ.