არ ვცნობთ ე.წ პარლამენტის ლეგიტიმურობას. აქედან გამომდინარე, ჩვენი კოალიციის ერთიანი პოზიციაა, არ შევავსოთ თანამდებობის პირის დეკლარაციები,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც კოალიციის წევრები აცხადებენ, „მნიშვნელოვანია, ქართველ ხალხთან ერთად პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებისა და ახალი და სამართლიანი არჩევნების მიღწევა გაგრძელდეს“.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ არ ვაღიარებთ რუსულ სტილში გაყალბებულ 26 ოქტომბრის არჩევნებს და არ ვცნობთ ე.წ. პარლამენტის ლეგიტიმურობას. სწორედ ამიტომ, ჩვენ უარი განვაცხადეთ საპარლამენტო მანდატებზე, დაფინანსებაზე და სხვა პრივილეგიებზე.
აქედან გამომდინარე, ჩვენი კოალიციის ერთიანი პოზიციაა, არ შევავსოთ თანამდებობის პირის დეკლარაციები. გამჭვირვალეობის პრინციპებისა და კანონის მოთხოვნების დაცვით, ჩვენი, როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატების დეკლარაციები შევსებულია 2024 წლის არჩევნებამდე.
ახლა, ჩვენი სამშობლოსთვის ამ ისტორიულ მომენტში თითოეული ჩვენგანის ვალია, გაგრძელდეს არაღიარების პოლიტიკაზე მუშაობა და ქართველ ხალხთან ერთად პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებისა და ახალი და სამართლიანი არჩევნების მიღწევა“,- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, დეკლარაციების შევსებას არ აპირებენ, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც. რაც შეეხება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ პოზიციას, როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სადეპუტატო მანდატების შეწყვეტას მოითხოვენ, ისინი ქონებრივი დეკლარაციებს მაინც შეავსებენ.