თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაზე კიბერთავდასხმა "ანონიმუსთან" აფილირებული ქართველი ჰაკერების მიერ იყო ორგანიზებული. ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ავტობუსის სალაროს აპარატებში შეღწევა იყო პირდაპირი გზავნილი კორუმპირებული ხელისუფლებისთვის, რომელმაც გააყალბა არჩევნები და დააწესა ავტორიტარული რეჟიმი. მოძრაობა განმარტავს, რომ ეს არის გაფრთხილება მჩაგვრელებისთვის და მათი დანაშაული დემოკრატიისა და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ უპასუხოდ არ დარჩება. გუშინ დილიდან თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში - ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, გადახდის აპარატებიდან საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები, ზვიად გამსახურდიას და ზურაბ ჟვანიას ისტორიული ფრაზები, ასევე ოლიგარქის წინასაარჩევნო დაპირებების ნაწილი და "ოცნების" წევრების უხამსი გამონათქვამები ისმოდა.