თბილისში, მხოლოდ დეკემბერში 4 ათასზე მეტი ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის დეკემბერთან შედარებით 7%-იანი ზრდაა. მონაცემებს უძრავი ქონების ბაზრის შესახებ კვლევითი კომპანია „ქოლიერსი“ აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბაზრის ზომა 16%-ით, 292 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი. 2024 წლის დეკემბერში, თბილისში ახალ პროექტებში გაყიდვების 14%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც დაკავშირებულია პირველადი ტრანზაქციების, ანუ თავად დეველოპერის მიერ გაყიდვების 26%-იან ზრდასთან. გასათვალისწინებელია, რომ ახალ კორპუსებში ტრანზაქციების ნაწილს დეველოპერები გვიან არეგისტრირებენ. ძველ პროექტებში 2023 წლის დეკემბერთან შედარებით გაყიდვების მაჩვენებელი 13%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება ფასს, 2024 წლის დეკემბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 13%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, გარეუბანში 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ქალაქის ცენტრში საშუალო შეწონილმა ფასმა 1%-ით მოიმატა. 2024 წლის დეკემბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბანში 16%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრში 18%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში 23%-იანი ზრდა დაფიქსირდა.