დღეს მქონდა მცდელობა, შევხვედროდი შალვა პაპუაშვილს, ამ ადმინისტრაციულ შენობაში [პარლამენტში] გადაწყვეტილების მიმღებ პირს - მინდოდა მისთვის მეცნობებინა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემები - მას აქვს ჯანმრთელობის სხვადასხვა ტიპის დარღვევა, - ამის შესახებ „ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ პარლამენტის უკანა შესასვლელთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
თურაძე მიიჩნევს, რომ მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლი.
„ბათუმელების“ რედაქტორმა შალვა პაპუაშვილს და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებს სთხოვა „შეეშვან მათი და მზია ამაღლობელის გაშავებას“.
„ვთვლი, რომ მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლი. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ის პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლია, დღეს მქონდა მცდელობა, შევხვედროდი შალვა პაპუაშვილს ამ ადმინისტრაციულ შენობაში [პარლამენტში] გადაწყვეტილების მიმღებ პირს. მე მასთან დაკავშირება ვცადე მისი თანაშემწისა და სხვა პირების საშუალებით. ასევე, მივწერე პირადი მესიჯიც ტელეფონის ნომერზე, მაგრამ მასთან კომუნიკაცია ვერ შედგა. როგორც მითხრეს, მასთან კომუნიკაციის დამყარება ვერ შეძლეს და არც ჩემს მესიჯზე ჰქონია გამოხმაურება.
ახლა მინდა გითხრათ იმის შესახებ, თუ რა მივწერე შალვა პაპუაშვილს. მინდოდა მისთვის მეცნობებინა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემები. მას აქვს ჯანმრთელობის სხვადასხვა ტიპის დარღვევა - ღრმა დეტალებში არ შევალ. ასევე, მინდოდა მეთქვა, რომ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ ფუნქციონირებს კონსტიტუცია. შეეშვას უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, შეეშვას მზია ამაღლობელის გაშავებას. ეს არ არის სწორი არც პოლიტიკურად, არც კაცურად, არც ნებისმიერი იმ გაგებით, რა გაგებასაც ისინი აღიარებენ. არ არის სწორი, ქალი, რომელიც სინდისის პატიმარია, ყოველდღიურად თავდასხმის მსხვერპლი იყოს ამ რაღაც ვერტიკალის. თავიანთ სასამართლოს მაინც დაელოდონ და ისე თქვან, რომ მზია დამნაშავეა. შესაბამისად, მე მოვუწოდებ და ვთხოვ, რომ მან ეს პროცესი შეწყვიტოს. ასევე, მე მზად ვარ, რომ მარტო შევხვდე და ავუხსნა დეტალები, რადგან მე ვარ იმ ამბის თვითმხილველი, რაც იქ ხდებოდა. რა თქმა უნდა, მას შეუძლია არ გაიზიაროს ჩემი მონათხრობი, მაგრამ მე მას და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებს დაჟინებით ვთხოვ, შეეშვან ჩვენი და მზია ამაღლობელის გაშავებას. ისედაც ძალიან დიდი ქარხანა მუშაობს მის წინააღმდეგ და აცადონ მათ ტროლების და ბოტების ქარხანას და თვითონ თავი შეიკავონ.
მე ვთვლი, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოზე უდიდესი გავლენა მოახდინა პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებამ და მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს. რა თქმა უნდა, ამ განცხადების გარეშეც დიდად თავისუფლებით ვერ დაიკვეხნის ქართული სასამართლო, მაგრამ ამ პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებები პირდაპირი მესიჯი იყო, რომ მზია უნდა დარჩეს პატიმრობაში“, - განაცხადა „ბათუმელების“ რედაქტორმა.